ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეების ცხინვალში საპროტესტო აქციით დახვდნენ
2009.06.17 12:26
ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეების ცხინვალში ვიზიტის დროს საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის ე.წ. კომიტეტი იუწყება.
აქცია იმ მოქალაქეების ახლობლებმა გამართეს, რომელთა გატაცებაში ცხინვალის რეჟიმი ქართულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებს.
აქციის მონაწილეებმა დელეგაციის წევრებს „საქართველოს ციხეებიდან“ მათი შვილების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვეს. დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიერ მორელი მათ დაჰპირდა, რომ დაკავებულების შესახებ მაქსიმალურად მეტს შეიტყობს.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენლის, ხრისტოპოლუს ხარალამპოსის განცხადებით კი, დელეგაციის წევრებს ცხინვალში უკვე აცნობეს, რომ დაკავებულების გათავისუფალების საკითხი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
„ჩვენ ეს გვესმის და ამ საკითხს პრიორიტეტულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ვაპირებ, სასწრაფოდ მოვიწვიო შეხვედრა ეუთო-ს, ქართული და სამხრეთოსური მხარეების მონაწილეობით, რომელზეც ამ საკითხს განვიხილავთ და გადავჭრით“, - განაცხადა ხარალამპოსმა.
ცხინვალში ჟენევის კონსულტაციების თანათავმჯდომარეების დელეგაცია გუშინ იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხრისტოპოლუს ხარალამპოსი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი იოჰან ვერბეკე და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიერ მორელი.