|
"ჯორჯიან თაიმსს" არაერთხელ გაუმახვილებია ყურადღება ხელისუფლებაში არსებულ შიდა დაპირისპირებებზე.
ამჯერად, "ჯორჯიან თაიმსს" სანდო წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროში, გიგა ბოკერიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის არსებულ კონფლიქტზე ესაუბრა. მინისტრ ვაშაძისა და მინისტრის პირველი მოადგილის, გიგა ბოკერიას შორის უთანხმოება, როგორც წყარო აცხადებს, სამსახურეობრივ ნიადაგზე წარმოიშვა. როგორც ჩანს, ზოგადად ქართულ პოლიტიკაში ორი გავლენიანი ფიგურა ვერ ინაწილებს ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
"ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას წყარო იმასაც აცხადებს, რომ გიგა ბოკერიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის საკმაოდ გამძაფრებულ კონფლიქტს ვერც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვარებს. ორივე საკმაოდ დაახლოებული პირია პრეზიდენტის ოჯახთან. გრიგოლ ვაშაძის მეუღლე ნინო ანანიაშვილი, როგორც ცნობილია, პრეზიდენტის უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზის ნათლიაა.
ვაშაძე და ბოკერია, როგორც "ჯორჯიან თაიმსისთვის" გახდა ცნობილი, შეხვედრებზეც კი არიდებენ ერთმანეთს თავს და მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებაში ერთად არ გამოჩნდნენ. საინტერესოა, როგორ ახერხებენ დაპირისპირებული მხარეები ერთ სამინისტროში თანამშრომლობას?!
"ჯორჯიან თაიმსი" შეეცადა, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაემოწმებინა. სამინისტროს პრესცენტრს დავუკავშირდით ნომერზე 28 48 16. ტელეფონზე უცნობმა მამაკაცმა გვიპასუხა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა. ჩვენს კითხვაზე, რამდენად ადასტურებს გრიგოლ ვაშაძესა და გიგა ბოკერიას შორის არსებულ უთანხმოებას, უხეშად შემდეგი პასუხი გაგვცა: ვინც ინფორმაცია მოგაწოდათ ვაშაძესა და ბოკერიას კონფლიქტზე, იმას დაუკავშირდით. ვერაფერს გეტყვით, კარგად ბრძანდებოდეთ.
უახლოესი წარსულიდან თუ გავიხსენებთ, "ჯორჯიან თაიმსში"არაერთხელ გამოქვეყნებულა სახელისუფლებო პირებს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. გავიხსენოთ თუნდაც ნიკა გილაურის უთანხმოება ლაშა ჟვანიასთან და ნიკა გვარამიასთან. სწორედ "ჯორჯიან თაიმსი" იუწყებოდა მათ შორის არსებული კონსფლიქტის შესახებ. მაშინაც პრესცენტრები თავგამოდებით იცავდნენ მინისტრებს, თუმცა ზუსტად ერთ კვირაში, როგორც "ჯორჯიან თაიმსმა" იწინასწარმეტყველა, ნიკა გილაურის ბრძანებით, ლაშა ჟვანია და ნიკა გვარამიაც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
P.S: ვაშაძეზე ბევრს ვერაფერს მოგახსენებთ (ცნობილია, როგორც ანანიაშვილის ქმარი). აი, ბოკერია კი ნამდვილად გამოირჩევა პოლიტიკური მოქნილობით, ლოგიკით, ოსტატობით, აზრების სისხარტით. მისთვის ვაშაძის "გადაყლაპვა" არცთუ რთული უნდა იყოს! ერთიცაა, ამ პროცესში ჩასუქებული ვაშაანთ გრიგოლი ყელში არ გაეჩხიროს, მაინც მიშას ნათესავია და...
|