09.07.2026 16:12
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების სხდომა გაიმართა. პროცესზე პროკურატურის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
8 პოლიტიკოსს სხვადასხვა მუხლით ედავებიან, მათ შორის არის საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტები.
მიმდინარე პროცესს აბსურდულად და პოლიტიკურ დევნად აფასებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე.
"არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმ ბრალდების მიმართ, რომელიც წაყენებული გვაქვს. რამდენიმე მოწმე პოლიციელი, ამბობს მხოლოდ იმას, რომ ჟესტიკულაცია ახსოვს. გარდა იმისა, რომ ეს არის თავის აბსურდულობით უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, არ შეიძლება ამ პროცესის სხვა კვალიფიკაცია მიეცეს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმაც. მისი განცხადებით, ბრალდების მხარე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად მუშაობას.
"დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ბრალდების მხარის ოთხი მოწმე. დავკითხეთ ორი გამომძიებელი, მათ ისაუბრეს საპროტესტო აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და უშუალოდ ბრალდებულთა ქმედებებზე.
დღევანდელ სხდომაზე გამომძიებლებმა გვითხრეს, გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ქმედებების შესახებ, თუ როგორ მოუწოდებდნენ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი. ეს ექსპერტიზა ჩატარდა საქმეში არსებულ ფარულ აუდიო ჩანაწერზე, რომელშიც ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩ ჯაფარიძე საუბრობენ იმ შეთანხმების შესახებ, რაც მათ გააჩნდათ, გაევრცელებინათ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომელიც ცალსახად სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ იყო. დღევანდელ სხდომაზე ექსპერტმა დაადასტურა ის, რომ ჩანაწერში, ხმა რომელიც ისმის ნამდვილად ეკუთვნის აღნიშნულ პირებს. ბრალდების მხარე აქტიურად მუშაობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე", - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :