10.07.2026 09:28
"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების მორიგ მიზეზად რეფორმატორთა საბჭოს შექმნა და პარტიის თავმჯდომარის პოსტის შესაძლო გაუქმება სახელდება. მართვის ახალ მოდელთან დაკავშირებით თინა ბოკუჩავას პროტესტის საპასუხოდ, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საბჭოში გაწევრიანება მიხეილ სააკაშვილმა თავდაპირველად სწორედ მოქმედ თავმჯდომარეს შესთავაზა.
პარტიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებსა და არაპარტიული კადრების მოზიდვის სტრატეგიაზე განცხადება ნანუკა ჟორჟოლიანმა გააკეთა.
"თავმჯდომარეობა არ უქმდება "ნაციონალურ მოძრაობაში". სიმართლე გითხრათ, ცოტათი გაკვირვებულიც კი ვარ - მიხეილ სააკაშვილმა როგორც კი დაიწყო ამ ახალ იდეაზე საუბარი, ფიქრი და მსჯელობა, პირველი შეთავაზება, ვისაც გაუკეთა ამ საბჭოში მონაწილეობის მიღებაზე, ეს იყო თინა ბოკუჩავა. მე ეს ვიცი იქიდან გამომდინარე, რომ მე და თინას გვქონდა შეხვედრა, დეტალური საუბარი ამ თემაზე და განხილვა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამ პროცესში მონაწილეობის მსურველები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ იყვნენ პარტიულები, პარტიასთან აფილირება, პარტიაში შესვლა, რასაც თავისთავად ზღუდავდა ის პირველი გეგმა, ამიტომ ქმნის საბჭოს, დამოუკიდებელ სტრუქტურას და ეუბნება ადამიანებს, რომ მოდით, მიიღეთ შეცვლაში მონაწილეობა.
მე თქვენ გაძლევთ ინსტრუმენტს, რომელიც არის ჩემი შექმნილი პარტია, რომელიც არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მე თქვენ გენდობით. მე, მაგალითად, სამი შეხვედრა ვისთანაც მქონდა, ყველა არაპარტიული ადამიანია," - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ავტორ(ებ)ი :