საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა 16.07.2026 20:43

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად, საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმი გახსნა.

ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, ქვეყნის სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და „შუა დერეფანში" საქართველოს როლზე.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ თურქმენეთ-საქართველოს რიგით მეორე ბიზნესფორუმის გახსნაზე. დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და სულ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს კერძო სექტორის, ინვესტორებისა და ბიზნესსაზოგადოებისთვის.

უპირველეს ყოვლისა, მსურს, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თურქმენეთის პრეზიდენტის, ბატონი სერდარ ბერდიმუჰამედოვის მიმართ. თქვენი სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში ნათლად ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთნდობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

აქვე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას ამ მნიშვნელოვანი ბიზნესფორუმის ორგანიზებისთვის. დარწმუნებული ვარ, ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.

დღეს საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან. გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 26%-ით გაიზარდა და 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც შენარჩუნებულია. ეს მაჩვენებლები ნათლად ადასტურებს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მზარდია. მიუხედავად არსებული პროგრესისა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჯერ კიდევ სრულად არ ასახავს იმ დიდ პოტენციალს, რომელიც საქართველოსა და თურქმენეთს აქვთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერება, რათა კიდევ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა, ხელი შევუწყოთ ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას და სრულად ავითვისოთ ჩვენი პარტნიორობის შესაძლებლობები.
საქართველო და თურქმენეთი ერთმანეთისთვის მხოლოდ სავაჭრო პარტნიორები არ არიან. ჩვენი ქვეყნები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ხიდებს ევროპასა და აზიას შორის და იზიარებენ საერთო ინტერესს რეგიონული დაკავშირებადობისა და საერთაშორისო ვაჭრობის გაძლიერებაში. სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის" განვითარებას.

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა შავი ზღვის რეგიონში უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიყოთ დამაკავშირებელი რგოლი ევროპულ ბაზრებს, აზიის ქვეყნებსა და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებს შორის. ხოლო თურქმენეთი, როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი რესურსებითა და მზარდი საექსპორტო შესაძლებლობებით.

სწორედ ამ საერთო სტრატეგიულ უპირატესობებზე დაყრდნობით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ „შუა დერეფნის" განვითარებას. ეს არის მარშრუტი, რომელიც სულ უფრო მეტად იძენს გლობალურ მნიშვნელობას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ევროპასა და აზიას შორის ტვირთების გადაადგილებისთვის.

საქართველო განაგრძობს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რათა „შუა დერეფანი" გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარებას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ე.წ. Landlord-ის მოდელით აშენდება. აღნიშნული მოდელი, რომლითაც სახელმწიფო პორტის მიწისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ რჩება, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, პორტი ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან პარტნიორობით განავითაროს, რაც საუკეთესო პირობებს შექმნის ტვირთების მოსაზიდად.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი ამბიციური დღის წესრიგის შედეგები უკვე თვალსაჩინოა. 2025 წელს საქართველოს გავლით „შუა დერეფანში" კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმართულებით ტვირთბრუნვამ თითქმის ექვსჯერ მოიმატა.

მივესალმებით თურქმენეთის ინტერესს საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმდებარედ ლოგისტიკური და სასაწყობე შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ არსებული პორტები, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მის ბაზაზე დაგეგმილი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თურქმენული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდება რეგიონულ ბაზრებზე გასასვლელად.

დღეს, როგორც არასდროს, კერძო სექტორის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ბიზნესი გარდაქმნის ქვეყნებს შორის არსებულ პოლიტიკურ პარტნიორობას კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგებად. სახელმწიფო უზრუნველყოფს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტუნარიან გარემოს, ხოლო კერძო სექტორი ქმნის ახალ ინიციატივებს, ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს.

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ეფუძნება რეფორმებს, რომლებმაც შექმნა თანამედროვე და კონკურენტული ბიზნესგარემო. ჩვენი ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადი განვითარების დინამიკას. 2026 წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,8 პროცენტი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ დაახლოებით 5.4 პროცენტით გაიზრდება.

საერთაშორისო შეფასებები და ეკონომიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველო კვლავ რჩება ინვესტორებისთვის სანდო მიმართულებად. 2021-2025 წლებში ქვეყანაში განხორციელებულმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ დაახლოებით 8.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო ქსელი ქართულ კომპანიებს აძლევს წვდომას დაახლოებით 2.3 მილიარდ მომხმარებელზე.

აღსანიშნავია, რომ თურქმენული ბიზნესი უკვე აქტიურად არის წარმოდგენილი საქართველოში. დღეს ჩვენს ქვეყანაში თურქმენული კაპიტალის მონაწილეობით ძალიან ბევრი კომპანია საქმიანობს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა და უძრავი ქონება. სწორედ ეს გამოცდილება ქმნის მყარ საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

ჩვენ ვხედავთ პარტნიორობის გაფართოების მნიშვნელოვან პოტენციალს ენერგეტიკის, განახლებადი ენერგიის, ციფრული ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და წარმოების მიმართულებებით. აღნიშნულ სექტორებში თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ ახალი ეკონომიკური ღირებულება; გავზარდოთ ინვესტიციების მოცულობა; ხელი შევუწყოთ ინოვაციებს და გავხსნათ ახალი გზები ქართული და თურქმენული კომპანიებისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო არის და დარჩება საიმედო პარტნიორად ყველა იმ კომპანიისთვის, რომლებიც ეძებენ სტაბილურ, ღია და კონკურენტულ გარემოს გრძელვადიანი საქმიანობისთვის.

გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას დღევანდელ ფორუმზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას, საინტერესო ინიციატივების წარმოშობას და ჩვენი ქვეყნების ბიზნესსექტორებს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარების მზარდ ტენდენციაზე ისაუბრა თურქმენეთის პრეზიდენტმა. სერდარ ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთი ასევე დაინტერესებულია სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით.

„2026 წელს დამტკიცდა საინვესტიციო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში მშპ რჩება 6.3 %-ის ნიშნულზე. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა პრიორიტეტად მიიჩნევს დივერსიფიკაციას, მოდერნიზაციას სოფლის მეურნეობის სფეროში, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მცირე და საშუალო საწარმოების აქტიურ მხარდაჭერას.

ჩვენი მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამა მოგვცემს საშუალებას, რომ განვახორციელოთ ეკონომიკური პროგრამები და თანხები მივმართოთ მშენებლობის, ინდუსტრიული მიმართულებით. ამავდროულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 77 % არის გამოყოფილი სოციალური კუთხით; განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეწარმეობის განვითარებას.

ჩვენი ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტია, კიდევ უფრო განვითარდეს ენერგეტიკის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. თურქმენეთის ენერგოსტრატეგია მოდერნიზაციაზეა გათვლილი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ნედლეულის გადამუშავებაზე, ბუნებრივი რესურსების ათვისებაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მეოთხე ბუნებრივი რესურსების წყარო გახდეს და ახალი საწარმოები გაიხსნას.

კასპიის ზღვის ჰიდრონახშირბადის პრიორიტეტები და ამ რესურსის გამოყენება ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ამავდროულად თურქმენეთი დიდ აქცენტს აკეთებს ქიმიურ მრეწველობაზე. ჩვენ ვაშენებთ ცენტრალური აზიის უმსხვილეს საწარმოებს იმისათვის, რომ მინერალური და აგრარული სასუქები იყოს შექმნილი და გამოყენებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.

დღეს თურქმენეთის ტექსტილის დარგი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე ვფიქრობთ ეკოლოგიურად სუფთა სურსათის წარმოებაზე. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ხილი და ბოსტნეული.
ძვირფასო მონაწილეებო, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და მივმართავ ბიზნესსაზოგადოებას, რომ არსებული მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ უფრო გავზარდოთ.

ბიზნესმა შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურის, ასევე საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის, ტერმინალების განვითარების მიმართულებებით. ჩვენი აქცენტი არ უნდა იყოს მხოლოდ სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობა, არამედ კერძო სექტორები აქტიურად ჩაერთონ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. დღეს ვსაუბრობთ თურქმენული ტერმინალის არსებობაზე საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, რათა ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს და საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობა წარმატებით განვითარდეს.

ბიზნესსაზოგადოების როლი ამაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ამით ისარგებლებს ორივე ქვეყანა. ჩვენი მთავრობის გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამ ფუნდამენტს ეფუძნება. დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესებს შორის პარტნიორობა უახლესი ტექნოლოგიების მიმართულებითაც განვითარდება.
დარწმუნებული ვარ, რომ თურქმენი და ქართველი მეწარმეების პარტნიორობა სასარგებლო იქნება ყველა მხარისთვის. ეს გამოიხატება პროექტებში, გეგმებში, ინიციატივებში, რომლებიც ჩვენი ქვეყნების მშენებლობის, აგრარული და სხვა სექტორების განვითარებას მოხმარდება.

თურქმენეთი დაინტერესებულია საქართველოს განვითარების გამოცდილების გაზიარებით. გვინდა, მსხვილი ტურისტული ცენტრები ჩვენთანაც არსებობდეს საქართველოს გამოცდილების საფუძველზე. თქვენ 2025 წელს გქონდათ შესანიშნავი მაჩვენებლები ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ჩვენც გავიმეოროთ", - განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა.

საქართველო-თურქმენეთის ბიზნესფორუმში 250 კომპანია მონაწილეობს.

ბიზნესფორუმის გახსნის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა თურქმენული პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ