16.07.2026 23:44
თურქმენეთს აქვს ჩვენთვის ძალიან საინტერესო გეოგრაფიული მდებარეობა, ისიც არის დაკავშირებული კასპიის ზღვასთან და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზიტები შედგა ასევე საქართველოდან შუა აზიის ქვეყნებში და შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში და ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ძალიან პრინციპულ შეთანხმებას მოეწერა ხელი - სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ყაზახეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას უზბეკეთთან.
"თურქმენეთი არის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, შესაბამისად საქართველოს შეუძლია კონკრეტულად თურქმენეთისთვის ძალიან კარგი როლის შესრულება დაკავშირებადობის თვალსაზრისით, რაც მომგებიანი იქნება ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის, ორმხრივად მომგებიანი იქნება ორივე სახელმწიფოსთვის. შესაბამისად ამ რესურსის გათვალისწინებით, ორივე ქვეყანა, ორივე ქვეყნის ხელისუფლება ვაცნობიერებთ ჩვენი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ამის დასტურია ის ვიზიტი, რომელიც დღეს ხორციელდება თურქმენეთის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოში.გარდა იმისა, რომ ვიზიტები შედგა ჩვენგან შუა აზიის ქვეყნებში და შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში, ჩვენ ორ ძალიან პრინციპულ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი ამ პერიოდის განმავლობაში: ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ყაზახეთთან და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უზბეკეთთან. ეს არის ორი უმსხვილესი ეკონომიკა შუა აზიის სივრცეში. აქედან გამომდინარე ეს შეთანხმებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არ არის უბრალოდ ვიზიტები, შეხვედრები, ეს არის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებსაც მოაქვთ ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები.ასევე ჩინეთთან ჩვენ ჯერ ორი წლის წინ დაახლოებით ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და ახლა უკვე ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ამ ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ჩვენ გვქონდა სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ეხება როგორც იმპორტს, ასევე ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში. საშუალოდ, დაახლოებით, 20 %-ით იზრდება ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან. ასევე, უვიზო რეჟიმი შემოვიღეთ ორმხრივად. უკვე ხორციელდება პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის -გუშინ შესრულდა პირველი პირდაპირი რეისი თბილისსა და შანხაის შორის. რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, რაც მოიტანა ჩვენმა შეთანხმებამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან,"- განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :