22.07.2026 17:07
იყო დრო, საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აღარ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. იყო დრო, ჩვენ ვიყავით გერმანიის ყველაზე მჭიდრო პარტნიორი. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი პარტნიორი, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „საქართველო მართლაც იქცა კუნძულად, ოღონდ არა მშვიდობის, არამედ სიღარიბის და უპერსპექტივობის".
„ვიდრე „ქართული ოცნება" გერმანიის რესპუბლიკას ესხმის თავს, აზერბაიჯანმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ისტორიულ შეთანხმებას. პირველად ისტორიაში, გერმანიამ აზერბაიჯანი დაასახელა სტრატეგიულ პარტნიორად და პარალელურად აღრმავებს ურთიერთობებს სომხეთთან. ეს არის ევროპის წამყვანი სახელმწიფოს და წამყვანის ეკონომიკის სრულიად ახლებური ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ.
აშშ-ის მიერ სამხრეთ კავკასიისადმი გამოჩენილი უპრეცედენტო ინტერესის კვალდაკვალ, დღეს უკვე გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ „სამხრეთ კავკასია არის ევროპის და აზიის შემაკავშირებელი კრიტიკული მნიშვნელობის კვანძი", რითაც ხაზს უსვამს გერმანიის სტრატეგიულ ინტერესს შუა კორიდორისადმი. ისტორიას არ ახსოვს აშშ-ის და გერმანიის მსგავსი, მით უმეტეს თანადროული, ინტერესი შუა კორიდორის მიმართ. ეს არის აქამდე არნახული და სრულიად უნიკალური ეკონომიკური, გეოპოლიტიკური შესაძლებლობა საქართველოსთვის. ნორმალური ხელისუფლება ამ მომენტს დაუყოვნებლივ გამოიყენებდა ქართული ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების წინ წასაწევად, აზერბაიჯანის და სომხეთის ჩართულობით ანაკლიის პორტის ასაშენებლად, ქართული ეკონომიკის გასაზრდელად და ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად, მაგრამ სად არის ამ დროს საქართველო? ისევ: არსად!
იყო დრო, საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. დღეს ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც აღარ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. იყო დრო, ჩვენ ვიყავით გერმანიის ყველაზე მჭიდრო პარტნიორი. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე სუსტი პარტნიორი.
რეჟიმი, რომელმაც მიზანმიმართულად მოკლა მშვიდობის, კეთილდღეობის უმთავრესი გეოპოლიტიკური პროექტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აგრძელებს პროპაგანდისტულ ლაყბობას მშვიდობასა და კეთილდღეობაზე, მაგრამ ანაკლია ისევ არ აშენებულა, ათობით ათასი სამუშაო ადგილი ისევ არ შექმნილა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური პოტენციალი ისევ არ ამაღლებულა. ამასობაში, სამხრეთ კავკასიამ მართლაც გადადგა ისტორიული ნაბიჯები ნამდვილი მშვიდობისკენ, მაგრამ ეს მოხდა საქართველოს გარეშე, რადგან რუსულმა რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა პერსპექტივის რელსებიდან უპერსპექტივობის ჭაობში გადაჩეხა.
ვიდრე რეჟიმის პროპაგანდა ურცხვად საუბრობს ტრანზიტული შესაძლებლობების განვითარებაზე და საზოგადოებას ატყუებს, თითქოს საქართველოს გარეშე „მაინც არაფერი გამოვა", ფაქტები და ისტორია სწრაფი ტემპით გვიჩვენებს საპირისპიროს. სწორედ საქართველოს გვერდის ავლით, ყოველდღიურად ძლიერდება ალტერნატიული ტრანზიტული გზა, რასაც მოწმობს ისიც, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში უკვე შევიდა 40,000 ტონა ტრანზიტული ტვირთი.
დასკვნა ერთია: „ქართული ოცნების" რეჟიმი არის უნიჭობის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების, დაკარგული პერსპექტივის და სიღარიბის რეჟიმი. მშვიდობა და კეთილდღეობა აინტერესებს ყველას, მაგრამ არავის აინტერესებს მატყუარა ქოცური რეჟიმი, რომელიც მხოლოდ მანიპულირებს ამ ტერმინებით, სინამდვილეში კი მშვიდობისმოყვარე დემოკრატიულ მსოფლიოს უპირისპირდება და დგება ომის მოყვარე ავტოკრატიული რეჟიმების გვერდით, ანადგურებს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობებს, მტრებს მოყვარეს უწოდებს, ხოლო მოყვარეებს - მტრებს. სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად საქართველო მართლაც იქცა კუნძულად, ოღონდ არა მშვიდობის, არამედ სიღარიბისა და უპერსპექტივობის კუნძულად", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ავტორ(ებ)ი :