აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით - 28.07.2026 14:03

ილუზიაა მოლოდინი, თითქოსდა ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორიც ჩვენს წარმოდგენებში იყო ათწლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი, თითქოს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.

 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ევროკავშირი არის ღირებულებითი დეგრადაციის პიკში, რაც ყოველდღიურად მტკიცდება იქ განვითარებული მოვლენებით, მიღებული კანონებით, შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებითა და რეზოლუციებით".

 

„პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" დაფუძნების დეკლარირებული მიზანი ქვეყნის ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობიდან გათავისუფლება და საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრისას, დოგმატური ჩარჩოების ნაცვლად, რაციონალური მსჯელობის შემოტანა იყო, რადგან დოგმებმა, გარედან თავს მოხვეულმა დღის წესრიგმა საქართველოს ბოლო ათწლეულებში მძიმე ზიანი მიაყენა და მნიშვნელოვნად შეაფერხა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუციების განვითარება.

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა მინიმუმი მიღწეულია - ჩვენ მოვახერხეთ რელიგიის რანგში აყვანილი თემის დესაკრალიზაცია და დღეს უკვე „ქართული ოცნების" ხელისუფლება, თავის მხრივ, სვამს შეკითხვას: რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ წევრობის უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ? მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან არათუ შეკითხვის დასმაა დაგვიანებული, არამედ ამ შეკითხვაზე პასუხიც, დიდი ხანია, ნათელია.

 

უპირველესად უნდა ითქვას, რომ ილუზიაა მოლოდინი, თითქოსდა ევროკავშირი შეიცვლება და ისეთ გაერთიანებაში შევალთ, როგორიც ჩვენს წარმოდგენებში იყო ათწლეულების წინ. ასევე მცდარია მოლოდინი, თითქოს საქართველო ევროკავშირის წევრობისგან რაიმე სარგებელს მიიღებს - ეკონომიკური, ან უსაფრთხოების, ან ღირებულებითი თვალსაზრისით. ჩვენს განცხადებებში არაერთხელ გვაქვს დეტალურად აღწერილი რეალობა, რაც დღევანდელ ევროკავშირშია, ასევე პერმანენტულად ვუსვამდით ხაზს, რომ ყველა მონაცემი ვითარების კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებდა. იქვე მკაფიოდ ვამბობდით, რომ არც საქართველოს მიმართ ბრიუსელის ბიუროკრატიის დამოკიდებულება შეიცვლებოდა ობიექტურობისკენ.

 

ფაქტი ის არის, რომ ევროკავშირის წილი გლობალურ ეკონომიკაში 2008 წლიდან მცირდება და 26%-დან 14%-მდეა დაცემული. ეს ტენდენცია კიდევ უფრო შეუქცევად ხასიათს იღებს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნები მილიარდობით ევროს გამოყოფენ პროქსი ომის გახანგრძლივების მიზნით და, ამავდროულად, ზრდიან სამხედრო დანიშნულების ხარჯებს. 2024 წელს ევროკავშირის ჯამური ბიუჯეტი მილიტარიზაციაზე 343 მილიარდი ევრო იყო, 2026 წელს კი 110 მილიარდზე მეტით იზრდება და 454 მილიარდ ევროს მიაღწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის გახლავთ, რომ ამ მიმართულებით ბიუჯეტის ზრდა არ არის ეკონომიკური აღმავლობით გამოწვეული, არამედ ეს ყველაფერი ხდება ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ მსხვილი საწარმოები, აღარ არის იაფი ენერგორესურსები, აღარ არის ტექნოლოგიური მიღწევები, რის გამო სწრაფი ტემპით ხდება ევროკავშირის დეინდუსტრიალიზაცია.

 

ეკონომიკური დეგრადაციის პარალელურად, ევროკავშირის აბსოლუტურად სუიციდურმა მიგრაციის პოლიტიკამ წევრ ქვეყნებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საზოგადოებრივი უსაფრთხოება აქცია. მაგალითისთვის, მხოლოდ ერთი წლის სტატისტიკით, გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილ იქნა 402 000 კრიმინალური აქტი: ძალადობა, ქურდობა, გაუპატიურება, ტერორისტული აქტები და ა.შ.

 

ევროკავშირის მოსახლეობა იზრდება, მაგრამ მცირდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ბუნებრივი მოსახლეობის ეტაპობრივი ჩანაცვლება. ეს ყველაფერი ხელს არ უშლის ევროკავშირის ბიუროკრატიას, რათა მთავარ პრიორიტეტად კვლავ ლგბტ პროპაგანდა შეინარჩუნოს. წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ე.წ. ლგბტ პრაიდების ჩატარების კუთხით, რაც დიდ წარმატებად გამოაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ნიდერლანდებში 25 ივლისს გაიხსნა ე.წ. ჯუნიორ პრაიდის კვირეული, რომელიც გათვლილია ათ წლამდე ასაკის ბავშვებზე. ამავე ქვეყნის პარლამენტი კი მსჯელობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა ერთნაირსქესიან წყვილებს საერთო ბიოლოგიური შვილის ყოლის შესაძლებლობა მიეცეთ. საერთო ჯამში, ევროკავშირი არის ღირებულებითი დეგრადაციის პიკში და ეს ყოველდღიურად მტკიცდება იქ განვითარებული მოვლენებით, მიღებული კანონებით, შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებით, რეზოლუციებით და ასე შემდეგ.

 

დღეს ევროკავშირი, დემოკრატიული, ძლიერი ეკონომიკის მქონე გლობალური მოთამაშის ნაცვლად, არის განსხვავებული აზრის ჩამხშობი, მილიტარისტული გაერთიანება, რომელიც ღია ომშია რუსეთთან, სატარიფო და სასანქციო დაპირისპირებაში აშშ-სა და ჩინეთთან. მიუხედავად იმისა, რომ თვალნათლივ ჩანს, რამ მიიყვანა მძიმე შედეგებამდე ევროკავშირი, მისი მმართველი ელიტა, რომელიც სრულად ექვემდებარება „დიფ სთეითს", კიდევ უფრო დიდი მონდომებით აგრძელებს იმავე პოლიტიკის გატარებას ყველა მიმართულებით და პოტენციურ წევრ ქვეყნებზე ისე აპირებს ამ ყველაფრის თავს მოხვევას, რომ მათ ხმის უფლებასაც კი არ უტოვებს.

 

ჩვენმა პარტიამ 17 ივნისს გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ინიციატივაზე, რომელმაც სამომავლოდ წევრი ქვეყნებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის იდეა პირველმა გააჟღერა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი, უკვე 12 ქვეყანა უჭერს მხარს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების წესის გაუქმებას და ახალი წევრი ქვეყნებისთვის საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების, ბიუჯეტის და სხვა ძირითად საკითხებზე ხმის უფლების შეზღუდვას.

 

ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობის და ეროვნული ინტერესების შესაბამისად ქვეყნის მართვის უფლების შეზღუდვის მცდელობები ევროკავშირს, დიდი ხანია, პრაქტიკაში დაწყებული აქვს. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი საქართველოა. წლებია, ბრიუსელი ცდილობს ჩვენი ქვეყნის დასჯას მხოლოდ იმიტომ, რომ უარი ვთქვით მათი დირექტივების შესრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და მეტიც - საკუთარი ხელით ქვეყნის განადგურებას გამოიწვევდა. ისინი ღიად ითხოვდნენ ჩვენგან ასეთი ნაბიჯების გადადგმას და ამას იმით ხსნიან, რომ მათ კლუბში რადგან გვსურს გაწევრიანება, ამ კლუბს აქვს საკუთარი წესები და პირობები, რასაც უსიტყვოდ უნდა დავემორჩილოთ. ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი ძალისხმევით მოახერხა, არ დაქვემდებარებოდა შანტაჟსა და ზემოქმედებას, რის გამო არაერთი რევოლუციური მცდელობის მოგერიება მოგვიწია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ, ჰიპოთეზურად წევრობის შემთხვევაში, ჩვენ ეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ ქვეყანაზე თავად მივიღოთ გადაწყვეტილება, უკვე დე იურე ჩამოგვერთმევა.

 

ამიტომ ახლა შეკითხვების დასმის დრო ნამდვილად აღარ არის, რადგან შეკითხვის დასმა ვერ ცვლის სტატუსკვოს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ მოცემულობაში ვრჩებით - გვაქვს კონსტიტუციური დოგმა, ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტი ისევ იმ ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინია საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივით, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ მისცემს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ პოზიციის დაფიქსირების უფლების გარეშე დააკისრებს ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, უსაფრთხოებისა და იდენტობისთვის გამანადგურებელი იქნება.

 

ამიტომ აუცილებელია ევროილუზიიდან საბოლოო გათავისუფლება და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს მხრიდან ახალი დისკურსის შეტანა - ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. კანდიდატის სტატუსით და ევროკავშირისკენ კურსის შენარჩუნებით ჩვენ კვლავ ვრჩებით ამ ბანაკის ნაწილად, ეს კი გვაქცევს იზოლაციაში, ხელს გვიშლის სრულფასოვნად მოქნილი და მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებაში, რაც ოპტიმალური გზაა, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული გამთლიანება და ტრადიციული ღირებულებებით ცხოვრების გაგრძელება", - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ