01.08.2026 16:32
დღეს უსაფრთხოების გარემო გაცილებით რთული და მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფოებს ერთდროულად უწევთ გამკლავება საფრთხეებთან, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, საზოგადოებრივი ერთიანობის დარღვევა და ქვეყნის სუვერენული განვითარების შეფერხება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის მე-11 წლისთავს. 2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული სამსახური, რომელმაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი, მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი დაიკავა.
დღეს უსაფრთხოების გარემო გაცილებით უფრო რთული და მრავალგანზომილებიანია, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფოებს ერთდროულად უწევთ გამკლავება ტერორიზმთან, ჯაშუშობასთან, კიბერშეტევებთან, დეზინფორმაციასთან, ეკონომიკურ ზეწოლასა და სხვა ჰიბრიდულ საფრთხეებთან, რომელთა მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება, საზოგადოებრივი ერთიანობის დარღვევა და ქვეყნის სუვერენული განვითარების შეფერხება. საქართველოსთვის ამ გამოწვევებს განსაკუთრებულ სიმძაფრეს სძენს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, რეგიონში არსებული არასტაბილური უსაფრთხოების გარემო და სხვადასხვა სახის გარე ზეწოლის მუდმივი რისკი.
ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრთხოება მხოლოდ უკვე გამოვლენილ საფრთხეებზე რეაგირებას არ ნიშნავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საფრთხეების წინასწარ იდენტიფიცირებას, პრევენციასა და მათი განვითარების აღკვეთას მანამდე, ვიდრე ისინი ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოებას რეალურ ზიანს მიაყენებს. ამ პირობებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მისი საქმიანობის დიდი ნაწილი საზოგადოების თვალისთვის უხილავია, თუმცა სწორედ ეს ყოველდღიური, პროფესიონალური და ხშირად შეუმჩნეველი შრომა ქმნის უსაფრთხოების იმ მყარ საფუძველს, რომელზეც დგას ქვეყნის მშვიდობა, მოქალაქეთა დაცულობა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილური ფუნქციონირება. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ყოველდღიურად დგანან იმ უხილავ ფრონტზე, სადაც წარმატება ხშირად სწორედ იმით იზომება, რომ საფრთხე საზოგადოებამდე ვერ აღწევს, კრიზისი არ ვითარდება და მოქალაქე საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში უსაფრთხოების სისტემის მუშაობას საერთოდ ვერ ამჩნევს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება.
„მისი უმთავრესი ძალა მდგრად სახელმწიფო ინსტიტუტებში, ეროვნული ინტერესების ერთგულებასა და იმ უნარშია, რომ დროულად ამოიცნოს, შეაფასოს და აღკვეთოს ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები. ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის საერთო პასუხისმგებლობაა, ხოლო ამ საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებული მისია აკისრია. საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პროფესიონალური, ძლიერი და კანონის უზენაესობის პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას. სწორედ ასეთ ინსტიტუტებზე დგას სახელმწიფოს მდგრადობა, ხოლო მოქალაქეთა უსაფრთხოება და ნდობა მათი ეფექტიანი, პასუხისმგებლიანი და კანონზე დაფუძნებული საქმიანობის შედეგია.
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ვინც მაღალი პროფესიონალიზმით, ერთგულებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ყოველდღიურად ემსახურება საქართველოს, მის სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის მე-11 წლისთავს. გისურვებთ წარმატებას, სიმტკიცესა და ღირსეულ მსახურებას საქართველოს წინაშე", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორ(ებ)ი :