01.08.2026 16:58
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში გადაიყვანს სავიზო გირაოს პროგრამას, რომლის ფარგლებში დაახლოებით 50 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მიღებისას, შესაძლოა, 20 000 დოლარამდე ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისროთ, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია ფედერალური რეესტრის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.
ცვლილება ეხება B1 და B2 კატეგორიის ვიზებს, რომლებიც საქმიანი და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა.
დოკუმენტის მიხედვით, საკონსულო ოფიცრებს უფლება ექნებათ, კონკრეტულ შემთხვევებში ვიზის გაცემის წინაპირობად 20 000 დოლარამდე გირაოს გადახდა დააწესონ.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის საპილოტე სავიზო გირაოს პროგრამამ სახელმწიფო დეპარტამენტს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტს აჩვენა, რომ ეს მექანიზმი ეფექტიანია ვიზის პირობების შესრულების უზრუნველყოფისთვის.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში გირაოს ოდენობა 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი იყო. ახალი წესით 5 000-დოლარიანი ვარიანტი გაუქმდა, ხოლო მაქსიმალური თანხა 20 000 დოლარამდე გაიზარდა.
საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოდან, ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში. პროგრამა შეეხება 50 ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაგან 30 აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. სიაში არის საქართველოც.
აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ახალი პოლიტიკის მიზანია ვიზის ვადის გადაცილების შემთხვევების შემცირება, თუმცა იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ეს ზომა აშშ-ში ლეგიტიმური მოგზაურობის მსურველებსაც შეაფერხებს.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა ზღუდავს სიტყვის თავისუფლებასა და სამართლებრივი პროცესის გარანტიებს, ქმნის საფრთხის შემცველ გარემოს ეთნიკური უმცირესობებისთვის და ხელს უწყობს რასობრივ პროფილირებას.
თავის მხრივ, ტრამპი ამ ზომებს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის აუცილებელ საშუალებად მიიჩნევს.
„როიტერის“ მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ, ტამპის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვაა, მისმა ადმინისტრაციამ ლეგალური იმიგრაციის პროცესიც გაამკაცრა. მათ შორის, გარკვეული კატეგორიის ვიზების მსურველებისთვის დაწესდა ახალი და უფრო მაღალი გადასახადები, ხოლო განმცხადებლებისა და უკვე აშშ-ში მყოფი იმიგრანტებისთვის სოციალური ქსელების დამატებითი შემოწმება სავალდებულო გახდა.
ავტორ(ებ)ი :