თამარ იოსელიანი: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამღრმავებელი გემი. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია, რათა 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს 01.08.2026 18:39

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტს, რომლის განვითარებაც ხორციელდება შესაბამისად წინასწარ დაგეგმილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი. 
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები უკვე იწყება და მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი (Tristao Da Cunha) შემოვიდა. 
როგორც თამარ იოსელიანი აცხადებს, ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
„გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე: საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულია დამაღრმავებელი გემი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ უკვე დაიწყებს დაღრმავებით სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ 2029 წელს შევძლოთ მსხვილტონაჟიანი გემის მიღება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული ნავსადგურის კონკურენტუნარიანობას", - ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფო პორტის განვითარების ახალ მოდელზე გადავიდა.
„აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო ფლობს და ქმნის ძირითად საზღვაო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო სექტორი ავითარებს სატერმინალო ობიექტებს. აღნიშნული მოდელი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად აპრობირებული მოდელი, რომელიც ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებას", - აცხადებს თამარ იოსელიანი.

არსებული კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის შემდგომ, გემი მუშაობას დაიწყებს ტალღმტეხის არხის მოწყობის მიზნით. ანაკლიის ზღვის აკვატორიაში ფსკერი 17,5 მეტრამდე დაღრმავდება, შემდგომ ეტაპზე კი 1,380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. აღნიშნული სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ