ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
GE EN RU
შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ვისაუბროთ და ვაჩვენოთ ჩვენი არგუმენტები, რომ ბრიუსელი საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს 09.09.2026 13:28

სამწუხაროდ, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია შესული და საკუთარი თავისა და ილუზიების ტყვე გახდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს ბელგიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. კერძოდ, „ევროპას ყოველ კვირაში აკრიტიკებთ და ვისაც ძალადობაში ადანაშაულებთ, იმ ხალხთან შეხვედრას ცდილობთ?"

 

პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგი და საუბარი არგუმენტებით, რომ ბრიუსელი, რომელიც ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებით უნდა მოქმედებდეს, საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს.

 

„მცდელობა გაქვთ, ისე წარმოაჩინოთ, თითქოს ევროპა საქართველოს მტერია. ჩვენ როდის ვთქვით, ეს? - თქვენ ამბობთ. ჩვენ კონკრეტულ ჯგუფებზე ვსაუბრობთ. თქვენი აზრით, საქართველოს ინტერესების მტრობა არის თუ არა საქართველოში ძალადობის დაფინანსება? ის, რომ ევროპული ფონდები იხარჯებოდა, რომელსაც განკარგავენ, მათ შორის, ბრიუსელი, ევროპარლამენტის წევრები. „ევროპის დემოკრატიის ფონდის" მმართველ საბჭოს ჩახედეთ, ვინ არიან წევრები - სწორედ ის რადიკალი ევროპარლამენტარები არიან, რომლებიც დიქტატორი სააკაშვილის მოკავშირეები არიან. რაც შეეხება ვიზიტებს, ბევრი ვიზიტი უკვე დაგეგმილია. სამწუხაროდ, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია შესული და საკუთარი თავისა და ილუზიების ტყვე გახდა. ამ ჩიხიდან ვერ გამოდის. გვინდა, რომ ბრიუსელს დავეხმაროთ, ამ ჩიხიდან გამოვიდეს. ამ ჩიხში ყოფნით ბრიუსელი ევროკავშირის ინტერესებს აზიანებს, რადგან კანდიდატ ქვეყანასთან კონფრონტაციის გზა აქვს არჩეული. იმ კანდიდატ ქვეყანასთან, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ევროკავშირისთვის ეკონომიკურადაც მნიშვნელოვანია, რომ წევრად ჰყავდეს - სტრატეგიულ ამოცანებს ვგულისხმობ.

 

ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით თავისი პოლიტიკით საკუთარ თავს აზიანებს. გვინდა, ბრიუსელს დავეხმაროთ, რომ ეს პოლიტიკა შეცვალოს. საკუთარი თავის ტყვეები არიან. მნიშვნელოვანია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგი და საუბარი გვქონდეს იმაზე, რომ ჩვენი არგუმენტები ვაჩვენოთ, რომ ბრიუსელი, რომელიც ევროკავშირის საუკეთესო ინტერესებით უნდა მოქმედებდეს, საქართველოს მიმართ არსებული პოლიტიკით აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ამ ვიზიტების მიზანია, სიცრუის ის ნარატივი გავარღვიოთ, რასაც ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, საქართველოსთან დაკავშირებით დაამკვიდროს. ეს არის ორმხრივი ვიზიტი, რათა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვესაუბროთ და ცილისწამებები ვაჩვენოთ, რაც თუნდაც გუშინ მოვისმინეთ. ვიზიტი ბელგია-ლუქსემბურგში გაიმართება, პროგრამას გაიგებთ. ჩვენ არც არაფერი აგვირევია, დასალაგებელი რომ გვქონდეს. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ. ჩვენ მზად ვართ, თუ ვინმესთვის გაუგებარია, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები - რუსეთთან ესკალაცია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში არ არის. შეიძლება, ეს იყოს გერმანიის თუ ლიეტუვის ინტერესებში, რომ საქართველო ესკალაციაში შევიდეს რუსეთთან, ბოდიში ყველასთან, მაგრამ მათ ინტერესებს ჩვენი ინტერესები სჯობს. როცა ბრიუსელი ცდილობს, ფილტრის როლი ითამაშოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ცრუ ნარატივი მოახვიოს, ჩვენი მიზანია, ჩვენი სიმართლე მივიტანოთ. მოქმედი ვიზა მაქვს და ამიტომ ვიზის აღება არ დამჭირდა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ