14.09.2026 23:19
"საქართველოში არ არსებობს რუსოფობია სისტემური ხასიათის, ანუ მას ვერ ექნება ანატომია, აგებულება. საქართველოში არის მკაფიო გამოკვეთილი ანტირუსული განწყობები, რომლის ნაწილი შეიძლება იყოს რუსოფობია და არის კიდევაც", - ამის შესახებ გადაცემა "დებატებში" კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არსებული ანტირუსული განწყობების რუსოფობიად მოხსენიება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ფობია რაიმეს მიმართ გაუცნობიერებელ შიშს გულისხმობს და მიიჩნევს, რომ "რუსოფობია" პროპაგანდისტული ტერმინია, რომელსაც საზოგადოებაში რეალური საფუძველი არ აქვს. მისივე შეფასებით, აღნიშნული ტერმინი დროთა განმავლობაში დაკარგავს აქტუალობას.
"საქართველოში არ არსებობს რუსოფობია სისტემური ხასიათის, ანუ მას ვერ ექნება ანატომია, აგებულება. საქართველოში არის მკაფიო გამოკვეთილი ანტირუსული განწყობები, რომლის ნაწილი შეიძლება იყოს რუსოფობია და არის კიდევაც... ჩემი აზრით, რუსოფობიით დაწყება ანტირუსული განწყობებისა, ეს არის შეგნებულად, პირველ რიგში, "რუსთავი 2-ის" მაყურებლის შეცდომაში შეყვანა.
ფობია არის გაუაზრებელი, გაუთვითცნობიერებელი შიში რაღაცის მიმართ და ჩვენ ახლა დღეს ვიმყოფებით ამ ტერმინის დაბადებაზე, ან ამ ტერმინის განადგურებაზე და იმედია, რომ, ამ გადაცემის შემდეგ, დისკუსია განვითარდება საზოგადოებაში და ეს პროპაგანდისტული ტერმინი ისევე მოკვდება, როგორც მოკვდა თავის დროზე, რომ "გარეჯი საქართველოა", რომელიც აბსოლუტურად იყო უაზრობა, ხელოვნურად შემოგდებული და როგორც კი თავისი ფუნქცია შეასრულა, ასე წმინდა საქმემ, გარეჯმა, უცებ დაკარგა თავისი ფუნქცია. მილიონჯერ ჩამოვიდა მას შემდეგ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა საქართველოში, ჩვენი ხელმძღვანელობა ჩასული იყო ბაქოში და არასდროს აღარ ულაპარაკიათ გარეჯზე, საჯაროდ ეს არ გაგვიგია. იყო პროპაგანდისტული ტრიუკი, ისეთივე პროპაგანდისტული ტრიუკი, იმედია, არის "რუსოფობია" და, საბოლოო ჯამში, დაუბრუნდება თავის რეალურ ბუდეს", - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.
ავტორ(ებ)ი :