27.09.2026 19:02
გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
კირცხალიას თქმით, საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები და თავის უახლეს ისტორიაში გაიგო, რა არის ომის ფასი.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ქედს იხრის დაღუპული გმირების წინაშე.
„ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.