11.10.2026 12:36
ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი - რატომ არ გმობს ევრობიუროკრატია საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს და ძალოვნების სისასტიკეს? - საქართველოს ხელისუფლების შეკითხვის მთავარი ადრესატი ის ევროპელი პოლიტიკოსები არიან, ვისაც ამ დრომდე არაფერი უთქვამთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.
ამ თემაზე კითხვა ჟურნალისტებმა პაველ ჰერჩინსკისაც დაუსვეს, თუმცა ელჩმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
ბრიუსელის დუმილი თბილისისთვის ორმაგი სტანდარტისა და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი დადასტურებაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები, ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტით აფასებენ.
უფრო მეტიც, საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ბრიუსელი ახალისებდა ძალადობრივ აქციებს დედაქალაქის ცენტრში.
"მიდგომების ორმაგმა სტანდარტმა უკვე მიიღო ინტენსიური და გეგმაზომიერი ხასიათი. ყველამ კარგად იცის, რომ ძალადობა არა მარტო ამ შემთხვევაში, რაც საფრანგეთში, ბელგიაში, ესპანეთში, ევროპის სხვა ქალაქებში ხდება, არამედ, ზოგადად, მთლიანად არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც პოლიცია უპირისპირდება პროტესტის გამომხატველ ხალხს. ხანდახან ეს დაპირისპირება გადადის ბრუტალურ ზომებში, რასაც პოლიცია იღებს, მაგრამ არავისთვის არასოდეს ეს არ ყოფილა საყურადღებო ევროკავშირის ფორმატში, არასოდეს.
ლაპარაკი იმაზე, რომ თავისივე წახალისებული ახალგაზრდების დაპირისპირებას, კანონი დაუპირისპირდა, რასაკვირველია, ეს არის ჩვეულებრივი უკვე ყოველდღიური მოვლენა, რომ თურმე პოლიტიკური ნიშნით არის ადამიანების დაკავება და არა იმისათვის, რომ ცეცხლი გააჩინეს შუა რუსთაველზე და "მოლოტოვის კოქტეილებით" მოუნდომეს ადამიანის დაწვა, პოლიციელის, ამ შემთხვევაში," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.