28.10.2026 17:38
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით ცვლილებების შეტანის მართებულობაზე ისაუბრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. მისი თქმით, მაშინ როცა აზარტული თამაშების მიმართ კანონი გამკაცრებულია, უპრიანი იქნება სპორტული ტურნირების ჩატარებისას მოსახლეობის მონაწილეობის პროცენტული წილი შემცირდეს.
„წინა მოწვევის პარლამენტში, აზარტულ თამაშებში საქართველოს მოსახლეობის ჩართულობის თვალსაზრისით, ძალიან გავამკაცრეთ კანონმდებლობა. თუ სწორად მახსოვს, თქვენ თქვით, რომ შესაძლოა ჩატარდეს აზარტული თამაშების ტურნირი, რომელშიც 10 ათასმა კაცმა მიიღოს მონაწილეობა. 10 000 კაცის 30% არის საქართველოს 3 000 მოქალაქე, რაც მოსახლეობის 0.1%-ია და ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს არ არის იმ ტიპის კანონი, რომელიც არსებით მნიშვნელობას იძენს და დაჩქარებული წესით რატომ ვიღებთ? თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიას აქვს განზრახული ამ ტიპის ტურნირის ჩატარება, ცოტა ადრე დაგვეწყო განხილვები, რათა მეტი დრო ყოფილიყო მსჯელობისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც პარტიაში აცხადებენ, „ხალხის ძალის" წევრების ცალკეული შენიშვნა და ინიციატივა კანონპროექტში ცვლილებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა, და უმრავლესობამ აზარტული თამაშების ტურნირში მონაწილე უცხოელების სავალდებულო წილი 70%-დან 80%-მდე აწია, თუმცა პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.