30.10.2026 22:01
მოსყიდული კონგრესმენები ჯო უილსონი, ჯიმ კლაიბურნი და ლინდსი გრემი არიან. მარტინ კაო კი კომპანია ნოვატეკის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ახლა შტატებში ფულის გათეთრების გამო სასჯელს იხდის. ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა "პროპუბლიკას" გამოძიებით დადგენილია, რომ ვაშინგტონში "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტები ქრთამს იღებდნენ, სანაცვლოდ კი თავდაცვის სფეროს კონტრაქტორი კომპანიისთვის მრავალმილიარდიან სახელმწიფო შეთანხმებებს უზრუნველყოფდნენ. სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქმეზე გამოძიებაც მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით პროცესი საეჭვო ვითარებაში შეწყდა.
ჯო უილსონი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურობს საქართველოსთან დაკავშირებით. აკრიტიკებს მმართველ გუნდს, ბრალს დებს ისეთ ქმედებებში, რაც ფაქტებით არ დასტურდება და ითხოვს თბილისის სანქცირებას. ცნობილია, რომ უილსონი უკვე დიდი ხანია კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილს, მის პარტიასა და სხვა ოპოზიციონერებს შტატებში ლობირებს. რა არის კონგრესმენის მხრიდან კრიტიკის მიზეზი პოლიტიკური ანალიზი თუ ფინანსური ინტერესები, სწორედ ამაზე ჰკითხეს დღეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მთავრობის მეთაურის თქმით, უილსონის უშინაარსო განცხადებები, მის მოტივთან დაკავშირებით ბევრ ეჭვს აჩენს.
კორუფციული პრაქტიკა ჯო უილსონისა და მისი კოლეგების მხრიდან, კარგად იკითხება "პროპუბლიკას" მიერ მოპოვებულ მასალებში. ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დოკუმენტებში დეტალურადაა აღწერილი, რა სქემით იღებდნენ ქრთამს ამერიკელი კანონმდებლები.
გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ ნაცმოძრაობის ლობისტების შესახებ მოპოვებული ეს და სხვა ინფორმაცია, არ აკვირვებთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თანხის სანაცვლოდ ლობიზმს ჯო უილსონი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობდა. უარის შემდეგ კი კონკრეტული ფინანსური სარგებლის მისაღებად, "ნაციონალური მოძრაობისთვის" დაიწყო მუშაობა.
თავად ის პარტიები, რომელთა მხარდამჭერიც ჯო უილსონია დღეს ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ. ნაციონალურ მოძრაობაში ავტორიტეტულ ამერიკულ მედიას ყვითელ პრესას ადარებენ, გახარიას გუნდში კი FBI-ს ფაილების სანდოობის დადასტურებას ელოდებიან.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გამოვლენილი ფაქტები ჯო უილსონის რეალურ მიზნებს ამხელს - ქრთამის სანაცვლოდ გაავრცელოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, თუნდაც დეზინფორმაცია. კანონმდებლების განმარტებით ეს მაშინაც დადასტურდა, როდესაც კონგრესმენმა - "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო.
გამომძიებელ ჟურნალისტთა კუთვნილი გამოცემა "პროპუბლიკა" ვარაუდობს, რომ კონგრესმენები კორუფციულ საქმიანობას ამ დრომდე განაგრძობენ. ავტორიტეტულ მედიაში განმარტავენ, რომ საკითხის მოკვლევას განაგრძობენ და მასალებს მკითხველს ეტაპობრივად მიაწვდიან.