02.11.2026 14:51
ბოლო წლებში საქართველომ როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით თვალსაჩინო შედეგებს მიაღწია. განვითარებას მოაქვს ახალი შესაძლებლობები, რომელთაც ბუნებრივია, ახლავს გამოწვევები, მათ შორის, საგარეო ასპარეზზე. ამ გამოწვევებზე პასუხი ერთია: სუვერენული საგარეო პოლიტიკის გაძლიერება, ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და დიპლომატიის კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა.
„2025 წელს დავიწყეთ და ეტაპობრივად ვახორციელებთ რეფორმას საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენი მიზანია დიპლომატიური სამსახურის კიდევ უფრო განვითარება, მისი მოქნილობისა და ეფექტიანობის გაზრდა. ძლიერდება საქართველოს წარმომადგენლობები საზღვარგარეთ. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია განათლებული ახალგაზრდების მოზიდვა დიპლომატიურ სამსახურში. ამ მიზნით დაფუძნდა დიპლომატიის აკადემია , რაც არის ქვეყნის სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში. ის მოამზადებს კადრებს სათანადო ცოდნითა და ანალიტიკური უნარებით, მყარი ეთიკური სტანდარტებით და ინოვაციური ხედვით. ქართული დიპლომატიის ხვალინდელი დღე სწორედ მათზეა დამოკიდებული,"- აღნიშნა პრემიერმა.