04.11.2026 14:15
საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა, - ამის შესახებ ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
„ხელისუფლების გაცხადებულ სწრაფვას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგებოდა მათი სისტემატური ჩართულობა მტრულ, ანტიევროკავშირულ რიტორიკაში, მანიპულაციურ ნარატივებსა და შეთქმულების თეორიებში; ასევე, ევროკავშირის ღირებულებების შელახვა და ევროკავშირთან დაკავშირებული საკვანძო რეფორმების განხორციელების უგულებელყოფა.
2024 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. ეს ასევე მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ფართო მხარდაჭერას.
ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაცია ფორმალურად კვლავ საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირში ინტეგრაციის გენერალური დირექტორატის კომპეტენციაში რჩებოდა. პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის კომიტეტმა შეინარჩუნა ზედამხედველობის ფუნქცია. საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა", - ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს.