04.11.2026 17:00
მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ნუ იქნებიან უცხო ქვეყნების იმედად, როლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის, მიატოვეს ციხეში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე.
„4 ოქტომბრის და სხვა ძალადობრივი აქციების მონაწილეების უმრავლესობამ აღიარა დანაშაული. ამას ვეღარც ევროკომისიის და ვეღარც ევროკავშირის საელჩოს ბრიფინგი უშველის. მორჩა, ყველამ აღიარა, რომ 2024-2025 წლებში იყო ძალადობრივი აქციები, იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტზე, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. ეს ძალადობა უკვე აღიარებულია, სასამართლოს მიერ შეფასებულია, განაჩენი დამდგარია. მათ, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინეს, შეუძლიათ, დაფიქრდნენ, უღირდათ ამ უცხო დაკვეთის აყოლა და საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა? ხომ ნახეს, რომ, საბოლოო ჯამში, მიატოვეს ორგანიზატორებმა, რომლებმაც ლაჩრულად დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება. მამაკაცურ ძალას რომ მოუწოდებდნენ, წაიყვანეს ბარიკადებზე, გადაანგრევინეს ღობე, ლამის სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში. ახლა ვნახეთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა კარგად მოვლილია, მშვიდად გამოდის და მორჩა, პოლიტიკა ჩემი საქმე არ ყოფილაო. სინამდვილეში, არეულობები, სისხლისღვრები და სამოქალაქო დაპირისპირება სწორედ ასეთი ხალხის მიერ ხდება. თქვენ რა გგონიათ, ქვეყნის არევას დიდი რევოლუციონერები სჭირდება? ასეთი ადამიანები, რომლებიც პაატაა მანჯგალაძესავით იტყვიან, ფოტოში შემთხვევით აღმოვჩნდიო, ან მერე იტყვიან, პოლიტიკა აღარ მინდა, შემთხვევით მოვხვდი პოლიტიკაში, მოვინანიე და გავედიო. ასეთი ხალხი აწყობს ყველაზე დიდ სისხლისღვრას და, მათ შორის, საქართველოში ეს არაერთხელ განგვიცდია.
მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ნუ იქნებიან უცხო ქვეყნების იმედად, როლებმაც ბარიკადებზე აიყვანეს და გაწირეს ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთისთვის, მიატოვეს ციხეში. მერე დღეს ევროკავშირის ელჩი ბრიფინგზე გამოვა და კიდევ ერთხელ იტყვის - თვითნებურად დაკავებულებიო. ეს არის ნუგეში, რომ ვიღაცამ რაღაცა ასეთი თქვა. ამისთვის სჭირდებათ ისინი ციხეში, რომ მერე ანგარიშებში ჩაწერონ და გამოიყენონ საქართველოზე თავდასასხმელად. ბრიუსელი ძალადობას არ გმობს, რათა შემდეგ ანგარიშებში ჩაწეროს, რომ არიან თვითნებურად დაკავებულები", - განაცხადა პაპუაშვილმა.