04.11.2026 19:49
გაფართოების პაკეტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი, გვიჩვენებს ძალიან მკაფიო სურათს - გაფართოების პროცესი წინ მიდის. როგორც ახლახან განაცხადეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა და ევროკომისარმა მარტა კოსმა ბრიუსელში, წელს გაფართოების პროცესმა უფრო მეტ შედეგს მიაღწია, ვიდრე გასული 25 წლის განმავლობაში ნებისმიერ სხვა ეტაპზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის არა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნების და ევროკომისიის, არამედ წევრი სახელმწიფოების მიღწევაც.
„მოხარული ვარ, რომ რამდენიმე კოლეგა, რომლებიც ამ წევრ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, ჩვენთან ერთად იზიარებს ამ შეფასებას. ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით წინსვლა კვლავ ობიექტურ კრიტერიუმებსა და თითოეული ქვეყნის საკუთარ მიღწევებს ეფუძნება. მათ შორის მოლაპარაკებების ძირითადი საკვანძო ღირებულებები განსაზღვრავს. 2026 წლის გაფართოების პაკეტი ამ მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
წელს მიღწეული პროგრესი ასევე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი განსხვავებაა ჩვენს კანდიდატ ქვეყნებს შორის. ზოგიერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვნად წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. სხვებში პროგრესი საკმაოდ ნელია, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ რეგრესს. ეს განსხვავებები გვაჩვენებს, რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რატომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნება.
გაფართოების პაკეტი ევროკავშირის მომავალს ეხება. ის ასევე ეხება საქართველოს ადგილს ამ მომავალში. ფუნდამენტური ღირებულებების მიმართულებით მიმდინარე უკუსვლა, რომელსაც გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვაკვირდებოდით, ადასტურებს, რომ საქართველო, სამწუხაროდ, მხოლოდ სახელით რჩება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად და კვლავ უარს ამბობს იმ უპირატესობებზე, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი და წინამოლაპარაკებების ეტაპი იძლევა", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ამასთან, მისივე თქმით, „მმართველი პარტია საქართველოში კვლავ აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მოაქვს დემოკრატიულ ღირებულებებზე, კანონის უზენაესობაზე და ფუნდამენტურ ღირებულებებზე, ასევე ხელს უწყობს სახელმწიფოს ძალაუფლების შემდგომ მითვისებას".
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო შესუსტდა სამოქალაქო სივრცე, სულ უფრო და უფრო რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად. ხელისუფლების მიერ გაცხადებული ნება, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, კვლავ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ ხშირად გამოხატულ მტრულ, ანტიევროპულ რიტორიკაში, მანიპულატორულ ნარატივებში და შეთქმულების თეორემებში, რომელიც ასუსტებს ევროპულ ღირებულებებს და ის, რომ ისინი არ ახერხებენ, განახორციელონ საკვანძო, ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმები. მცდელობები, რომ აიკრძალოს მთავარი ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით, საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან შეჯახების გზას მიადგა. ამავდროულად, ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა, კვლავ მყარია. ასევე უწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ხალხის ევროპული არჩევანისა. თუკი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ შეცვალოს თავისი კურსი და კვლავ მხარი დაუჭიროს ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის გაწევრიანებას, ეს არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, საქართველოს ევროპული გზა კვლავ აღდგება.
საქართველომ ნებაყოფლობით განაცხადა სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანებულიყო და სწორედ საქართველომ უნდა გვაჩვენოს, რომ ის აკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს. რიგი გაფართოების ანგარიშები ატყობინებდა საქართველოს ხელისუფლებას, რა არის საჭირო იმის გასაკეთებლად, რომ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდეს. დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დე ფაქტო გაჩერებულია. გასული წლის განმავლობაში საქართველოში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. ძალიან სერიოზული უკუსვლაა დემოკრატიის კუთხით, სწრაფი ეროზია კანონის უზენაესობისა და შეზღუდვები მყარდება ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ყველაფერი ეს არის შედეგი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა, პოლიტიკური არჩევანისა, რომელიც გაკეთდა საქართველოში. გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა აქვს, გადაწყვეტილებებს შედეგი აქვს. ევროპული გზა კვლავ ღიაა საქართველოსთვის, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს კურსი და კვლავ დაადგეს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური ღირებულებების გზას. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ხალხის ევროპული ინტერესებისა კვლავაც უწყვეტია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
მასალა მომზადებულის სინქრონული თარგმანის მიხედვით.