07.11.2026 00:14
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სასამართლოსა და საზოგადოებას წარედგინა მყარი არგუმენტები, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.
„ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ გადაწყვეტილებაში. ჩვენ სასამართლოს და საზოგადოების ფართო ნაწილს წარვუდგინეთ კონკრეტული არგუმენტები, რომ აღნიშნული პარტიები ეწევიან მტრულ საქმიანობას, შემჩნეული არიან ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში, ბოროტებაში. რა თქმა უნდა, როდესაც გქვია პოლიტიკოსი და წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, წარდგენილი მტკიცებულებების საპასუხოდ ოპონენტების მხრიდან კონტრარგუმენტები არ გაჟღერებულა.
„კარგად ვიცით, საიდან და როგორ იმართებიან ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები. რა აქვთ ჩადენილი დანაშაულის სახით, ეს ყველაფერი არა უბრალოდ ზეპირი საუბრით, არამედ არგუმენტირებულად წარდგენილი იქნა სასამართლოზე, თუმცა კონტრარგუმენტები ვერ მოვისმინეთ. მხოლოდ და მხოლოდ ვხედავდით პოლიტიკურ განცხადებებს", - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერია ავრცელებს.