პარასკევი, 13 ნოემბერი, 2026
GE EN RU
შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ცდილობს, საქართველო ყველანაირად დააზიანოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ხალხის სასარგებლოდ ვიმოქმედოთ 13.11.2026 16:56

კაია კალასი თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან - არა, ვის დაელაპარაკონ და ვის - არა, შემდეგ ჰერჩინსკის სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო. ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი და არავინ არაფერს შეადარებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისისვე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს პატივს სცემს, არავის არ აძლევს უფლებას, მათ შორის, კაია კალასს და მის ოფისს, დირექტივები და მითითებები მისცენ.

 

„კაია კალასზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, ფაქტობრივად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია. რა თქმა უნდა, სწორედ ამ ოფისებიდან პირდაპირი მიდის მითითება დედაქალაქებში, რომ საქართველოსთან კონტაქტი არ ჰქონდეთ. ეს, კიდევ ერთხელ, საბჭოთა მოსკოვის მიდგომას აჩვენებს. ქალბატონი კალასი, რომელიც დაბადებული და გაზრდილია ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, საბჭოთა ნომენკლატურის ოჯახში, მართალია, სიტყვით განაგდებს ხოლმე საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან რაც წამოიღო, ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, როდესაც თავს უფლებას აძლევს, ქვეყნებს, პარლამენტებს, ხალხის მიერ არჩეულ ორგანოებს მითითებები მისცეს, ვისთან იმეგობრონ და ვისთან - არა, ვის დაელაპარაკონ და ვის - არა. ბატონ ჰერჩინსკის შემდეგ სწყინს, რატომ გვადარებთ საბჭოთა კავშირსო. ნუ მოიქცევიან, როგორც საბჭოთა კავშირი და არავინ არაფერს შეადარებს. ამ პარალელებს იმ ხალხში აღძრავენ, რომელთაც საბჭოთა კავშირი მართლა გამოვლილი აქვს. სამარცხვინოა, როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია ასე იქცევა, რომელიც თავს უფლებას აძლევს, დამოუკიდებელ ქვეყნებს ეს მითითებები მისცეს.

 

ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც საკუთარ სუვერენიტეტს პატივს სცემს, არავის არ აძლევს უფლებას, მათ შორის, კაია კალასს და მის ოფისს, დირექტივები და მითითებები მისცენ, როგორც ამ მითითებებს საბჭოთა მოსკოვიდან რესპუბლიკებში აძლევდნენ. ის გზა სწორი აღმოჩნდა, რომ ხაზი ორმხრივ ურთიერთობებს გავუსვათ, რადგან ბრიუსელი ცდილობს, საქართველო ყველანაირად დააზიანოს - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად. დღეს ამას ბრიუსელი და მისი საელჩო ცდილობენ. ვხედავთ, მათი ქმედებებია, როგორმე ქვეყანა და ხალხი დაგვაზიანონ, მათ შორის, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დააზიანონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

გასაგებია, რომ ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეაჩერა. გავიგეთ, მათ სურთ, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი რაც შეიძლება დააზიანონ და ბოიკოტი გამოუცხადონ, მაგრამ რატომ აზიანებენ ორმხრივ ურთიერთობებს? ეს უკვე საბჭოთა მოსკოვზე ცოტა უარესი ქმედებაა, როდესაც ამ დონეზე ცდილობენ, მავნებლობა ჩაიდინონ, რომ ქვეყანას დაუზიანონ ორმხრივი ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან. შეგახსენებთ, ჩვენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობები ევროკავშირის ფორმატში არ გვაქვს. ეს ასე არ დაწყებულა, ეს ორმხრივი ურთიერთობებით დაიწყო და, სამი ათწლეულია, არის, ზოგან - ინტენსიურად, ზოგჯერ - ნაკლებად ინტენსიურად, მაგრამ ყველგან პარტნიორულად, და მეგობრული იყო. ჩვენ ამ ურთიერთობების შენარჩუნებაზე ვზრუნავთ. სწორი აღმოჩნდა გზა, რასაც ჩვენ მივმართავთ და ამ ამგვარ ორმხრივ ვიზიტებს გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა ჩვენი ხალხების სასარგებლოდ ვიმოქმედოთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

PDF · ხუთტომეული გეოპოლიტიკური ნარკვევები თამაზ ტეტუნაშვილი, იოსებ მანჯავიძე 230 ₾ 200 ₾ ნახვა

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ