16.11.2026 19:51
„რანაირად ხდება, რომ ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა პოლიტიკური შეფასება აქვს? - ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი საფრანგეთში მკვლელია და მას მკვლელობის მცდელობით ასამართლებენ, ხოლო საქართველოში თურმე პოლიტიკური პატიმარია და და უნდა გაათავისუფლო, რადგან გმირია", - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ჩვენმა საზოგადოებამ თვეების განმავლობაში ბევრი რამე ნახა.
„რანაირად არის იქ კანონები დემოკრატიის ფარი და დემოკრატიის პროგრესი და საქართველოში დემოკრატიის რეგრესი და უკუსვლა? აქ არის კითხვები, რაზეც პასუხები ბრიუსელმა უნდა გასცეს. საკუთარ თავში რით ვერ იპოვა ძალა, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა დაეგმო? რით ვერ იპოვეს საკუთარ თავში შესაბამისი ფაქტები, რომ საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ დემონსტრაციებს თავისი სახელი დაარქვან? ყველაზე მარტივი საზომია, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიუსელმა პრაგმატული აზროვნება დაიწყო და ამ პროცესებს რაციონალურად უყურებს. ვიდრე ორმაგი დამოკიდებულებაა, რთული იქნება ასეთ ფორმატში დიალოგის წარმოება, თუმცა იმედი გვაქვს, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. როდესაც ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ორივე მხარე ერთობლივად დიალოგს ვაწარმოებთ", - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ფარული დღის წესრიგია.
„კარგად იციან, რომ დიახაც, ძალადობა ძალადობაა, მაგრამ მთავარი პრობლემა ფარული დღის წესრიგია, რომ ხელისუფლება შეეცვალათ. სწორედ ამის გამოა პროცესი ჩიხში შესული. ახლა უჭირთ საკუთარი შეცდომების საჯაროდ აღიარება და ძლიერი პოზიციიდან თქმა, რომ დიახ, შეცდომა დაუშვეს. პირველი ნაბიჯი ვინც უნდა გადადგას, ბრიუსელია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას, ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.