20.11.2026 20:50
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას „ასავალ-დასავალის" კრებული არაერთხელ უწოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მძიმეა, როდესაც დასკვნას, რომელშიც ადამიანების ტრაგიკული შემთხვევებია მითითებული, ასე მოიხსენიებენ.
„რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რაღაცას ამბობ. დასკვნა, რომელშიც არის ადამიანების ტრაგიკული შემთხვევები, მკვლელობები და უმძიმესი ფაქტები მითითებული, რომლის უკანაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები დგანან, უმძიმესი შემთხვევები არის მოყვანილი და ამას მოიხსენიებენ, როგორც „ასავალ-დასავალის "კრებულს. ესეც წარმოაჩენს მათ, რომ კი არ ნანობენ იმ წარსულს, რომელიც მათ ჰქონდათ და კი არ ემიჯნებიან, არამედ პირიქით, იგივე დამოკიდებულებაა, იგივე საფრთხეს ქმნიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის, ისინი რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ", - განაცხადა კახიანმა.