26.11.2026 14:33
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, დეპუტატ გიორგი შარაშიძის განცხადებით, "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ აღიარებს. რაც შეეხება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს, შარაშიძე ამბობს, რომ ვიდრე გამოძიება არ შედგება, რთულია, რომელიმე ორგანიზატორს პოლიტპატიმარი ეწოდოს.
მისი თქმით, ევროპარლამენტის ნებისმიერ რეზოლუციას და დებატებს ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
"ოცნება" ამბობს, რომ არანაირ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს და მით უფრო ჩალის ფასი აქვს. ეს ასე არ არის. ხელისუფლებამ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გასაგებია, რომ მათთვის დებატებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არ ვაღიარებთ. თუნდაც, ევროპარლამენტის რომელიმე დეპუტატი მას მხარს უჭერდეს და უწოდებდეს პოლიტპატიმარს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენს პოზიციას შევცვლით.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბერი დანაშაული იყო. ამ დანაშაულის პროვოცირებაში ჩართული იყო თავად „ოცნება" და გამოძიება სჭირდება, ვინ იყო შეცდომაში შეყვანილი, ვინ განზრახ მონაწილეობდა ამ დანაშაულის ორგანიზებაში, მათ შორის, დიდი ალბათობით, მათი ნაწილი „ოცნებასთან" შეკრულიც იყო. ვიდრე გამოძიება არ შედგება, რთულია, რომელიმე ორგანიზატორს პოლიტპატიმარი ვუწოდოთ.
არ ვფიქრობთ, რომ პაატა ბურჭულაძე პოლიტპატიმარია, ვიდრე ეს საქმე გამოძიებული არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ 4 ოქტომბერს დანაშაულად მივიჩნევთ და როგორ შეიძლება, ამ დანაშაულის ორგანიზატორი პოლიტპატიმრად მივიჩნიოთ? გულწრფელად მჯერა, რომ პაატა ბურჭულაძე ამ ყველაფერში მხოლოდ პატრიოტული მისწრაფებებით იყო ჩართული და მას რაღაცა სხვა მძიმე განზრახვები არ ჰქონია, მაგრამ ეს ჩემი ხედვაა და ვერ იქნება ოფიციალური პოზიცია. 4 ოქტომბერი იმდენად მძიმე დანაშაული იყო, რომ ეს ფურცელი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა და შეცდომას - შეცდომა. გამოძიება გვჭირდება, რომ დავინახოთ, პაატა ბურჭულაძე დამნაშავეა, თუ შეცდომაში შეყვანილი? ეს ჯერ არ ვიცით, რადგან ეს ადამიანებიც არ საუბრობენ, რეალურად რა მოხდა", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ჯგუფმა მოამზადა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების" რეჟიმის პირობებში". რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „მკაცრად გმობენ პაატა ბურჭულაძისა და „ქართული ოცნების" რეჟიმის სხვა პოლიტპატიმრების პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას, მოითხოვენ მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას". რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ „პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა წარმოადგენს „ქართული ოცნების" რეჟიმის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად სასამართლოს გამოყენების მაგალითს".
ევროპარლამენტში ამ საკითხზე რეზოლუციის კიდევ რამდენიმე პროექტია მომზადებული, რომელთა ირგვლივაც დებატები გუშინ გაიმართა, რეზოლუციის შეჯერებულ პროექტს კი დღეს უყრიან კენჭს.