26.11.2026 14:18
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის დაწესების მნიშვნელობაზე, ინსტიტუტის როლსა და საარჩევნო მოხელეთა საქმიანობაზე ისაუბრა.
„ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების პროცესს, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმს.
მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.