სასამართლომ გიორგი მალანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა 04.07.2026 13:28

გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვინაიდან დაკავებული გიორგი მალანია არასრულწლოვანია. სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბრალდებულიც.


"ფაქტობრივი საფუძველი არის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი და ფორმალური საფუძველი არის მიმალვის საფრთხე, ახალი მტკიცებულებების განადგურების თავიდან აცილების საფრთხე, ასევე მიმალვის საფრთხის უზრუნველყოფა. მისი დაკავება მოხდა გადაუდებლად, იმიტომ, რომ ის აპირებდა მიმალვას, იმყოფებოდა ლანჩხუთში, ერთ-ერთ სოფელში და სწორედ მიმალვის მცდელობისას იქნა დაკავებული.

გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტულად, ამ ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებასა და შექმნაზე. მოგეხსენებათ, რომ საქმეში ძალიან დიდი მოცულობის ელექტრონული ინფორმაცია იქნა ამოღებული, მათ შორის, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. ის დამუშავდა, შეისწავლა საინფორმაციო ტექნოლოგიურმა ექსპერტიზამ, შემდგომ ჩვენ დავათვალიერეთ და ამ დათვალიერებას სჭირდებოდა ძალიან დიდი დრო და რესურსი. სწორედ ამ დროისა და რესურსის გამოყენების შემდეგ, მივაკვლიეთ იმ ჩანაწერებს, იმ ვიდეოზარებს, რომელიც მრავლად არსებობდა მსჯავრდებულ ალექსანდრე გაბაშვილსა და მას შორის", - განაცხადა პროკურორმა ქეთევან სიონიძემ.

ცნობისთვის, სამართალდამცველებმა გიორგი მალანია პირველ ივლისს დააკავეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ'' ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი მალანიას დახმარებით, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა გაარკვიეს მისი [გიგა ავალიანის] სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი. 2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისთვის ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი უკვე მსჯავრდებულები არიან

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ