14.07.2026 12:45
კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას" წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულას" დაევალა ეთერში გასული მასალის უარყოფა, რომელშიც გამოხატული იყო ხაინდრავას მიმართ პატივის და ღირსების შემლახავი ცილისწამება. „ფორმულას" ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 10 000 ლარის ოდენობით. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
საქმე ეხება ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში გასულ რამდენიმე სიუჟეტს, რომლებიც, გოგა ხაინდარავას აზრით, მის წინააღმდეგ ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას შეიცავდა.
როგორც ხაინდრავა აღნიშნავს, ადამიანის მიმართ ცილისწამება მკვლელობის ტოლფასია.
„სრულად დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი. ეს სიცრუე და ბოროტი ცილისწამება, რომელიც გავრცელებული იყო, მთლიანად იქნა უარყოფილი. ეს საქმე გასცდა სამოქალაქო პროცესს. იქ, სადაც დამნაშავეებად არიან გამოყვანილი პრემიერ-მინისტრი, შსს-ს მინისტრი, სუს-ის უფროსი, სუს-ის თანამშრომლები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ლაპარაკი სამოქალაქო პროცესზე არ შეიძლება. ამან განაპირობა, რომ პროკურატურაშიც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ეს არის მკვლელობის ტოლფასი, როდესაც ადამიანს ცილს წამებ. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაიცვას. გადაცემა არ არის, ვიღაცას ასეთი შეურაცხყოფა არ მიაყენონ, ამიტომ ეს ჩემი მხრიდან იმიტომ იყო გაკეთებული, რომ ჭკუა ისწავლონ. მინდა განვაცხადო, გამოყოფილი თანხით ფონდი უნდა დავაარსო, რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს", - განაცხადა ხაინდრავამ.
ავტორ(ებ)ი :