21.07.2026 13:00
თელავის ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა
საქმეზე გადაწყვეტილება თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ მიიღო.
როგორც გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ აღნიშნა, სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა, გიაროს თანხა გადაიხადოს.
„მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომ საპატიმრო გირაო არ ყოფილიყო გამოყენებული. ძალიან დიდი მადლობა ქართველ ხალხს, იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მომხდარი ფაქტიდანვე ჩართული იყვნენ ამ საქმეში და 24 საათის განმავლობაში აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს. მადლობა ბრალდების მხარესაც, რადგან გაიზიარა საზოგადოების აზრი და თავიდანვე მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოთქვა, გირაოს თანხა გადაიხადოს", - განაცხადა კაპანაძემ.
საქმის პროკურორმა, ბექა ნათელაურმა განაცხადა, რომ გამოძიებისას თუ გამოიკვეთება რუსი ტურისტების მხრიდან რაიმე სახის ქმედების ჩადენა, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი პირების გამოკითხვა. გამოთხოვილია და საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი. ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. აღნიშნული ქალბატონების მიმართ თუ გამოიკვეთება რაიმე სახის ქმედების ჩადენა, იქნება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კატეგორიის, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - აღნიშნა ნათელაურმა.
მანამდე, მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :