22.07.2026 11:35
თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.
როგორც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვახო სანაიამ არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმები, აგრძელებდა სამართალდარღვევით ქცევას, რის გამოც სასამართლოში შუამდგომლობის სახით დააყენეს პატიმრობის მოთხოვნა.
„წინასასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად, აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა“, - აღნიშნა კერესელიძემ.
სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.
ავტორ(ებ)ი :