16.09.2026 19:35
საქართველოს პროკურატურა სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.
„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შემდეგი: ბრალდების პირველი ეპიზოდი - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტის და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისათვის 2021-2022 წლებში გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი.
ბრალდების მეორე ეპიზოდი - 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.
ბრალდების მესამე ეპიზოდი - 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვის 2008-ის" დირექტორს და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ გრიგოლ ლილუაშვილმა მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.
ბრალდების მეოთხე ეპიზოდი - გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ქრთამის აღების სანაცვლოდ მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,ატკატებს' იღებდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ 2018 -2023 წლებში ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 5 325 943 ლარი შეადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :