08.10.2026 11:29
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 21 პირი დააკავეს, ხოლო 11 ობიექტი დალუქეს, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, გრიგოლ გოგოჩაშვილმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდა.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები, რომლებიც სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებაში. კერძოდ, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, ისინი მათ განკარგვაში არსებულ ობიექტებში ქალებს ფართებს უთმობდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ პირებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი, ქალების მიერ სექსუალური მომსახურების შედეგად მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითად წყაროს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხები წარმოადგენდა", - განაცხადეს შსს-ში.
მათივე ცნობით, სამართალდამცველების მიერ სხვადასხვა ობიექტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს მსგავსი სახის უკანონო საქმიანობის გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, დანაშაულში ჩართული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით", - აცხადებენ შსს-ში.