11.10.2026 21:59
23 წლის თაზო - ბიჭი ვარდისფერი ჰუდით და სიცოცხლის შემზარავი დასასრულით - შვილმკვდარი დედა, "კურიერი P.S.-თან" ინტერვიუს შემდეგ, სასამართლო სხდომაზე წავა - მკვლელობაში ბრალდებულს მოუსმენს, განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე.
უმძიმესი ამბავი საშაურმიდან დაიწყო, სადაც თაზო მთივლიშვილი მუშაობდა. თანამშრომელმა ბაირამ ალი ჰუსეინოვმა გიორგი, იგივე გოჩა პაპაშვილი, გააცნო - 39 წლის კაცი, კრიმინალური წარსულით და პირობითი მსჯავრით.
2025 წლის 17 თებერვალს თაზო 23 წლის გახდა. ეს დღე თანამშრომლებთან და გიორგი პაპაშვილთან ერთად აღნიშნა. ღამეც მის სახლში დარჩა. მეორე დილით, ისევ რესტორანში წავიდნენ, თაზო სუფრასთან გიორგი-გოჩა პაპაშვილის გვერდით დაჯდა. ძალადობის პირველი ეპიზოდიც სწორედ აქ, რესტორნის კამერის ჩანაწერში ჩანს.
თაზო, რატომღაც, ისევ მოძალადე პაპაშვილის სახლში ბრუნდება, ისევ მეგობრებთან ერთად. ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩაზე მდებარე ბინაში მათ კიდევ ერთი მეგობარი, ვერიკო კაპანაძე ელოდება.
მალევე, პაპაშვილი ერთ-ერთ ახალგაზრდასთან, საბა რობაქიძესთან ერთად, უკან ბრუნდება. ნარკოტიკს ყიდულობს, მოიხმარს და ისევ ბინაში ადის. თაზოზე ძალადობაც აქედან იწყება.
"კურიერი P.S.-მა" საქმის მასალები მოიპოვა. მათ შორის ბინის ფოტოები, სადაც თაზო მთივლიშვილი ცემით მოკლეს და ცხედარი მიატოვეს.
პაპაშვილმა სახლის გასაღები დედას სოფელ კოდაში ჩაუტანა, უთხრა, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა, თანხა გამოართვა, არ უთქვამს, რომ ბინაში გარდაცვლილი ბიჭი დატოვა. კოდადან თბილისში, შემდეგ კი სარფში, დანაშაულის სამ მოწმესთან ერთად წავიდა. საბოლოოდ, ქვეყნიდან ჰუსეინოვთან ერთად გაიქცა. დანარჩენები თბილისში დაბრუნდნენ. პოლიციაში ისევ არავის დაურეკავს.
მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულის დედა თბილისში ჩამოვიდა და შვილის ბინაში საზარელი სურათი ნახა... ადგილზე პოლიციას 2 დღის მოკლული თაზო მთივლიშვილის ცხედარი დახვდა, ბევრი დაზიანებით. დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მალევე დადგინდა, რომ ვერიკო კაპანაძე და საბა რობაქიძე ფაქტის შემსწრეები იყვნენ. ორივე მათგანი განყოფილებაში წაიყვანეს. ორივემ თქვა, რომ თაზოს ცემა საშაურმიდან ფულის მოპარვის სქემის გამო დაიწყო. პაპაშვილი ეჭვობდა, რომ თაზო მოპარულ თანხას სრულად არ აძლევდა. ეჭვობდა იმასაც, რომ ქურდობის სქემაზე საშაურმის ხელმძღვანელობას უთხრა.
სანამ პროკურატურა გაქცეულ ჰუსეინოვსა და პაპაშვილს ინტერპოლით ეძებდა, მკვლელობის შემსწრეები დააკავეს. მათ სასამართლოში კიდევ უფრო სასტიკი დეტალები გაიხსენეს.
გიორგი პაპაშვილი, თითქმის ერთწლიანი ძებნის შემდეგ, რუსეთიდან საქართველოს გადმოსცეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა სრულდება. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებას უარყოფს და ფულის მოპარვის სქემასთან ჩადენილი დანაშაულის კავშირს გამორიცხავს.
შვილმკვდარი დედა ყველა დამნაშავის ყველა სხდომას დაესწრო, მოუსმინა მკვლელობაში ბრალდებულსაც...
დაცვის სტრატეგია განზრახ მკვლელობის მუხლის შემსუბუქებაზე უპერსპექტივოა - ასეთია დაზარალებულის ოჯახის ადვოკატის მოლოდინი. უმკაცრეს სასჯელს ითხოვს სასამართლოში საქმის პროკურორი.
დედა შვილის მკვლელის განაჩენს მალე მოისმენს...