13.10.2026 12:56
თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ ცილისწამების საქმეზე სასამართლო დავა ყველა ინსტანციაში მოუგო. ამის შესახებ ჟორჟოლიანი ინფორმაციას და ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
დავა ეხებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ 20-პირიან სიას, სადაც ნათქვამი იყო, რომ ეს ადამიანები თეა წულუკიანის მამის, ბრძანებით დახვრიტეს.
თეა წულუკიანმა და მისმა ოჯახმა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივლა. მოსარჩელე მხარის მოთხოვნები სამივე ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.
საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეზე იყო აგებული.
"სასამართლოზე თეა წულუკიანის წარმომადგენელმა შეძლო დაემტკიცებინა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნებოდა მცდარ ინფორმაციას.
თეა წულუკიანი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ევროპულ სასამართლოში. მე არ ვისურვებდი სტრასბურგში მასთან პაექრობას. ნანუკა ჟორჟოლიანს, ან მათ წარმომადგენლებს, თუ მიაჩნია, რომ შესაბამისი კომპეტენცია გააჩნია [ცდებიან]. ეჭვი მეპარება, რომ რამე პერსპექტივა ჰქონდეთ", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.