ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვას იწყებს - გადაწყვეტილების გამოტანის უკიდურესი ვადა 9 თვეა 14.10.2026 21:16

 

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, 88 დეპუტატის სარჩელის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლო პირველად 21 ოქტომბერს შეიკრიბება. 7 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი 3დღის განმავლობაში იმსჯელებს "ნაციონალური მოძრაობის," "ახალის," "ლელოს," "ფედერალისტების" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშე გამოცხადებასთან დაკავშირებით. დესტრუქციული და ანტიკონსტიტუციური ქმედებები, სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა უცხოელ ლობისტებთან ერთად, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება და 2004 წლიდან დღემდე ჩადენილი მძიმე დანაშაულები - სწორედ ამ საფუძვლით, კონკრეტული მოთხოვნით და არაერთი მტკიცებულებით წარსდგება მოსარჩელე მხარე საკონსტიტუციო სასამართლოში.

ავტორებმა კონსტიტუციურ სარჩელს დაურთეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 460-გვერდიანი დასკვნაც, რომელიც თავის მხრივ ათეულობით მოწმის ჩვენებას მოიცავს და მიუთითებს "ნაციონალური მოძრაობის" სისტემურ დანაშაულზე.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არგუმენტაციას რამდენიმე მიმართულებით ავითარებენ, ამბობენ, რომ 5 ოპოზიციური პარტიის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადების პირველი მცდელობა 2016 წელს დაფიქსირდა, 2018 წლიდან სისტემატური, 2020 წლიდან კი სისტემური და უწყვეტი სახე მიიღო. ამ პროცესს 2019-25 წლებში თან ახლდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის, მთლიანობაში, ექვსი მცდელობა, რაც ავტორების აზრით, ადასტურებს, რომ აღნიშნული პარტიების საქმიანობა დანაშაულებრივი, ანტიკონსტიტუციური, ხანგრძლივი, სისტემატური, სისტემური და ახლაც აქტუალურია.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სწორედ პარტიების აკრძალვის შესახებ ჩანიშნულ პროცესებში მონაწილეობა არ სურდა მანანა კობახიძეს, რომელსაც უფლებამოსილება ვადაზე ადრე უკვე შეუწყდა. უფლებამოსილების შეჩერებამდე, კობახიძემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება მოითხოვა, რაზეც დასაბუთებული უარი მიიღო, ამის შემდეგ კი მან უკვე პირადი განცხადებით ითხოვა დაკავებული თანამდებობიდან 4 თვით ადრე წასვლა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საბოლოო განკარგულებით.

შუამდგომლობაზე დასაბუთებული უარის შემდეგ, მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას სამართლებრივ ჭრილში ვერ განიხილავს სახელისუფლებო გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გაუმართლებელი და არალოგიკური ქმედებით კობახიძემ თავი აარიდა პასუხისმგებლობას. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ახლა თავად მანანა კობახიძემ უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებაში მის მიმართ გაჩენილ არაერთ შეკითხვას.

5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, 88 დეპუტატის განახლებული სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოში 24 სექტემბერს დარეგისტრირდა. საქმე განსახილველად მოსამართლეთა პლენუმს გადაეცა, რომელიც პარტიების კანონგარეშე გამოცხადების შესახებ არსებით განხილვას 21-22 და 23 ოქტომბერს გამართავს.

 

 

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ