27.10.2026 12:17
იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის თანამდებობიდან მოხსნის თაობაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
როგორც „ტვ პირველთან" საუბარში სალია აღნიშნავს, ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი მსჯელობენ.
„ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ვმსჯელობთ და მიღებული იქნება გადაწყვეტილება", - განაცხადა სალიამ.
მან ასევე ისაუბრა პენიტენციური სამსახურის ახალ დირექტორზეც, რამაზ თათარაშვილზეც, რომელიც სალიას თქმით, მისი რეკომენდაციით დაინიშნა აღნიშნულ პოსტზე, თუმცა, საუბარი ჰქონდა შს მინისტრთან სულხან თამაზაშვილთანაც.
„ციხეების ახალი უფროსის შერჩევა მოგვიწია საკმაოდ მოკლე დროში, თუმცა, მე ვიცნობ პირადად ამ ადამიანს, ვიცი მისი პროფესიონალიზმის შესახებ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამენიშნა ხელმძღვანელად.
ჩემი რეკომენდაცია იყო, ჩემი ნაცნობობა იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, კოლეგებთანაც, სადაც მუშაობდა ამ დრომდე, შინაგან საქმეთა მინისტრთანაც მქონდა საუბარი ამის თაობაზე", - განაცხადა სალიამ.
კითხვაზე, რომ მისი მისამართით აქციის მონაწილეებს პრეტენზიები ჰქონდათ და დევნაში ადანაშაულებდნენ, სალია ასე პასუხობს:
„ეს გარემოებები არ დადასტურებულა არც ერთი გამოძიების ფარგლებში, შესაბამისად, მხოლოდ ბრალდებებით, რომელიც მედიაში ჟღერდება და რომელსაც შეიძლება პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს, გადაწყვეტილებები არ მიიღება სახელმწიფო სისტემაში", - განაცხადა სალიამ.
ცნობისთვის, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის მისამართით ბრალდებებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი აჟღერებს და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. თავის მხრივ, დავითაძე ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს მე-6 დაწესებულების ბადრაგებს.