28.10.2026 17:52
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, მზია ლომთათიძემ დღეს დაამტკიცა.
მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკვია წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ არიან ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ზოდელავა და ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ირაკლი ჩხვირკია - 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი - 16 ნოემბერს.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი. გური ჟვანიას სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.