14.07.2026 09:32
მეტროსადგურ „სადგურის მოედნის" და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოწესრიგების მიზნით, სპეციალური ღონისძიება ჩატარდა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, შპს „თბილსერვის ჯგუფთან" ერთად, ტროტუარები და ქუჩის სავალი ნაწილი თვითნებურად განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან და ნარჩენებისგან სრულად გაწმინდა.
უნებართვო კონსტრუქციების გატანის და ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
მუნიციპალური ინსპექციის ღონისძიების მიზანია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა, დედაქალაქში უნებართვო გარევაჭრობის და ანტისანიტარიის აღკვეთა.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია სისტემატურად ახდენს დედაქალაქში გარევაჭრობის კონტროლს, თუმცა, ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისთვის ხელის შეშლის ფაქტებიც. აგრეთვე, ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის კონტროლს, სხვადასხვა კონსტრუქციების და ნაგებობების უკანონო განთავსებით იერსახის დამახინჯების მონიტორინგსა და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის აღკვეთას. უკვე არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის მიზნით, მოწესრიგდა სხვადასხვა მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები და საჯარო სივრცეები", - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.
ავტორ(ებ)ი :