14.07.2026 16:45
დღეიდან, 14 ივლისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ფრენებს ატირაუ - ბათუმი - ატირაუს მიმართულებით შეასრულებს. ავიერეისები 25 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისებს ავიაკომპანიები Air Astana, FlyArystan და Scat Airlines-ი ასრულებენ. ჯამურად, ზაფხულის სეზონზე ორ ქვეყანას შორის ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 57 სიხშირემდე გაიზრდება.
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს. შედეგად, ერევანი - ბათუმი - ერევანის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება. ფრენები განხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა.
ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 7 ივლისს გასცა. FLYONE Armenia-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2022 წელს დაიწყო. ბათუმის გარდა, ავიაკომპანია ავიარეისებს ერევანი - თბილისი - ერევანის მიმართულებით ასრულებს.
ავტორ(ებ)ი :