ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვლაქერნობას! გამორჩეული ქვეყანა ვართ, გვერგო პატივი ვიყოთ უფლის კვართის და ასევე ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი - შალვა პაპუაშვილი 15.07.2026 14:43

 

ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრებთან ერთად ესწრება.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს.

შალვა პაპუაშვილმა მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქვეყნისთვის რწმენისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა

"ვულოცავ ზუგდიდს, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვლაქერნობას! გამორჩეული ქვეყანა ვართ, ჩვენ გვერგო პატივი ვიყოთ უფლის კვართის და ასევე ღვთისმშობლის კვართის მცველი ერი, ეს არის დიდ პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანული ღირებულების სადარაჯოზე.

ის რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს საუკუნეების მანძილზე, ჩვენს რწმენასთან ერთად ის ღირებულებები რაც დღეს ევროპული ცივილიზაციის საფუძველია, სწორედ ამ ღირებულებების გაფრთხილება და ამ ღირებულებების სადარაჯოზე ყოფნა არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. 

მე მიხარია, რომ დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად, პარლამენტის წევრებთან ერთად მომეცა შესაძლებლობა რომ დავსწრებოდი ზუგდიდის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღავლინა. ის განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდშია და ის განწყობა, რომელიც დღეს ზუგდიდში იყო არის საოცარი. ის უცხოელი სტუმრები, სასულიერო თუ საერო პირები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის 1700 წლის დღესასწაულის აღნიშვნას. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული წელი იმისთვის, რომ სრულად გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც ამ წმინდა კვართის მცველ ერს გააჩნია,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

საგანგებოდ დღესასწაულისთვის ზუგდიდში ჩასულია იერუსალიმის საპატრიარქოს მიტროპოლიტი.

წირვის დაწყებამდე დადიანების ისტორიული სასახლის საცავიდან ღვთისმშობლის წმინდა კვართი გამოაბრძანეს.

სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით შედგა მსვლელობა. მომლოცველებმა გაიარეს ქალაქის მთავარი გამზირი და წმინდა სამოსელი - ივერიის ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.

 

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები
პოპულარული

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ