31.07.2026 17:33
იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია „იტალფარმაკოში" აცხადებენ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან მიაღწიეს შეთანხმებას პრეპარატ „ჯივინოსტატის" საქართველოში შემოტანაზე, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება.
„იტალფარმაკოს" განცხადებით, ევროკომისიის მიერ 2025 წლის ივნისში მიღებული დებულების საფუძველზე, „ჯივინოსტატი" საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება ექვსი წლის და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობის დაწყების მომენტში დამოუკიდებლად სიარულის შესაძლებლობა აქვთ შენარჩუნებული, კორტიკოსტეროიდებთან ერთად მიღებისას.
კომპანია „იტალფარმაკოს" განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს, საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებს ახალი პრეპარატის მიღების საშუალება მიეცეს და აჩვენებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს ზრუნვას დაავადებების მკურნალობისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე.
„იტალფარმაკო" მადლობას უხდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც პაციენტებისთვის პრაქტიკული გამოსავალი მოძებნა და დიუშენის საზოგადოების მხარდაჭერას პარტნიორობის ფარგლებში გააგრძელებს.
ამასთან, ფარმაცევტულ კომპანიში განმარტავენ, რომ სამინისტროსთან ერთად განაგრძობს მუშაობას, რათა პრეპარატის დანერგვისთვის მზაობა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მოვლა ქვეყნის მასშტაბით გააუმჯობესოს.
როგორც „იტალფარმაკო ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკო დი მარკომ განაცხადა, „ეს მიღწევა ასახავს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცე ვალდებულებას, გააუმჯობესოს იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანების მოვლა, ასევე ჯანდაცვის სფეროს დაინტერესებული მხარეების, დიუშენის საზოგადოებისა და „იტალფარმაკოს" კონსტრუქციულ თანამშრომლობას ამ პროცესში".
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ევროკომისიის მიერ პრეპარატის აღიარება ეფუძნება მასშტაბურ კლინიკურ კვლევას, რომელშიც მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ ორ ჯგუფად და არცერთმა მხარემ (არც ექიმებმა, არც პაციენტებმა) არ იცოდა, ვინ იღებდა რეალურ პრეპარატს და ვინ - პლაცებოს (სამკურნალო თვისების არმქონე ნივთიერებას). კვლევაში მონაწილეობდა ექვსი წლის და უფროსი ასაკის 179 ბიჭი, რომლებსაც სიარულის უნარი ჯერ კიდევ ჰქონდათ შენარჩუნებული. მათ, სტანდარტულ მკურნალობასთან (კორტიკოსტეროიდებთან) ერთად, დღეში ორჯერ ან „ჯივინოსტატი" მისცეს, ან პლაცებო.
„კვლევამ დაადასტურა, რომ „ჯივინოსტატის" მიმღებმა ბიჭებმა ოთხსაფეხურიან კიბეზე ასვლის ტესტს პლაცებოს ჯგუფთან შედარებით მნიშვნელოვნად უკეთ გაართვეს თავი. დადებითი შედეგები დაფიქსირდა სხვა მაჩვენებლებზეც - მოძრაობის უნარის შეფასებაზე. კერძოდ, „ჯივინოსტატით" მკურნალობის შემთხვევაში მოძრაობის უნარის დაქვეითება 40%-ით ნაკლები იყო, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ეს კი მიუთითებს, რომ პრეპარატს, შესაძლოა, დაავადების პროგრესირების შენელება შეეძლოს. კვლევის შედეგები 2024 წლის მარტში სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Neurology-ში გამოქვეყნდა", - ნათქვამია „იტალფარმაკოს" განცხადებაში.
ცნობისთვის, 1938 წელს მილანში დაარსებული „იტალფარმაკო" კერძო გლობალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა იმუნოონკოლოგია, გინეკოლოგია, ნევროლოგია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და იშვიათი დაავადებები.
ავტორ(ებ)ი :