სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო, პირველი ორი სემესტრი საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, 100%-იანი დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი 31.07.2026 22:48

2026-2027 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა, ეს ნიშნავს, რომ პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ განაცხადა.


მისი თქმით, 100%-იანი დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი, შეიძლება, ერთი საგანი დარჩეს.

 

„ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სტუდენტი თუ მესამე სემესტრიდან უზრუნველყოფს კრედიტების 80%-ზე მეტის დაგროვებას, სახელმწიფო გააგრძელებს მისი სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას. ეს მიდგომა გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოში და გახლავთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაცია.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სტუდენტი მესამე სემესტრიდან მხოლოდ ერთ საგანში ვერ მიიღებს კრედიტს, მაგრამ მომდევნო სემესტრში ყველა კრედიტს დააგროვებს, სრული დაფინანსება კვლავ აღუდგება. აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს. მნიშვნელოვანია, თუ სტუდენტი 50%-იანი დაფინანსების მიღების შემდეგ აღადგენს 100%-იან საკრედიტო შედეგს, სახელმწიფო კვლავ გააგრძელებს მისი სწავლის ღირებულების სრულ დაფინანსებას", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

 

ავტორ(ებ)ი :


ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ