პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
GE EN RU
შიო მესამე – ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას 11.09.2026 16:56

სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად. არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი, ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, - ამის შესახებ უწმინდესისმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

 

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს.

 

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს! დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელს, იოანეს, მის თავისკვეთას. თქვენ გახსოვთ, უფალმა იესო ქრისტემ იოანე ნათლისმცემელზე თქვა, რომ ის არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11). ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში არის ხატი, „დეისუსად" წოდებული, რაც „ვედრებას" ნიშნავს. მასზე გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ერთ მხარეს დგას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მეორე მხარეს კი - წმინდა იოანე ნათლისმცემელი და ისინი ევედრებიან უფალს მთელი მსოფლიოსთვის, წმინდა ეკლესიისთვის, ასევე - ყოველი ჩვენგანისთვის, და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვესავთ მათ ლოცვებს, მათ მეოხებას. დღეს კი განსაკუთრებით მხურვალედ მივმართავთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რადგან დღეს არის მისი დღესასწაული.

 

მოგეხსენებათ, იგი იყო სინანულის დიდი მოძღვარი და, პირველ რიგში, გვასწავლის სინანულს; დღეს უნდა ვევედროთ მას, რომ სინანული გვასწავლოს, რათა მისი ლოცვით მოვიპოვოთ ეს დიდი სათნოება. მისი მსახურება დაკავშირებული იყო სინანულთან, სინანულის ქადაგებასთან, რადგან სინანულის გარეშე შეუძლებელია, ადამიანმა თავისი გული გაუხსნას ღმერთს და მადლი მიიღოს. სწორედ ამიტომ წმინდა იოანე ნათლისმცემელი სინანულის მეშვეობით ამზადებდა ადამიანთა გულებს სახარების მისაღებად. სინანული არის პირველი აუცილებელი ნაბიჯი სულის გადარჩენისკენ, სულის ცხონების გზაზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ერთჯერადი ქმედება, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახლდეს სინანული ადამიანს. ჩვენი რწმენა, რომელიც განიცდის მრავალ წინააღმდეგობას, განსაცდელს, ბრძოლას, ასევე - გარედან ზეწოლას, ძლიერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექნება სინანულის უნარი და სინანულის გამოცდილება. კიდევ რომელი დიდი სათნოების მასწავლებელია იოანე ნათლისმცემელი? შეგახსენებთ, როდესაც მოციქულებმა სთხოვეს უფალს, ესწავლებინა ლოცვა, შემდეგ რა თქვეს? - გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ნათლისმცემელი ასწავლიდა თავის მოწაფეებსო (ლკ. 11, 1). ე. ი. იოანე ნათლისმცემელი არის დიდი მოძღვარი ასევე ლოცვისა.

 

დღეს ვთხოვოთ მას, ლოცვაც გვასწავლოს, მისი მეოხებით, მისი ლოცვით ეს დიდი სათნოებაც მოვიპოვოთ, რამეთუ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, განსაკუთრებით - წმინდა იოანე ოქროპირი თუ სხვები ასევე, არ არსებობს უფრო ძლიერი რამ, ვიდრე ლოცვა, არაფერია ლოცვაზე უტკბესი, არათუ უტკბესი და მასზე ძლიერი, არამედ მასთან გათანაბრებულიც კი არაფერი არ არისო, - ასე ამბობენ. ის გვაერთებს ღმერთთან, ის არის გასაღები საღვთო საიდუმლოებებისა, ლოცვის შედეგად გვეძლევა არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი სარგებელიც მანამდე, სანამ მივიღებთ იმას, რასაც ვთხოვთ ლოცვაში ღმერთს. ჩვენ ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემელს თაყვანს ვცემთ, რადგან იგი ეწამა სიმართლისთვის, ჭეშმარიტებისთვის. ამისთვის მოჰკვეთა მას თავი ჰეროდე მეფემ. ჩვენ თაყვანს ვცემთ, რადგან ჭეშმარიტება ყველასთვის უძვირფასესია. რატომ? იმიტომ, რომ მასში არის ხსნა და გადარჩენა.

 

წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით, შეგვაძლებინოს უფალმა და მოგვცეს სიმტკიცე რწმენაში, მოგვცეს სიმამაცე, რომ ყოველთვის ვთქვათ და დავიცვათ სიმართლე. წმინდა იოანე ნათლისმცემლის გარდა, იყვნენ აგრეთვე ძალიან დიდი მოღვაწეები, ადამიანები, რომლებიც ასევე იტანჯნენ და მოკვდნენ კიდევაც მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლე დაეცვათ, ჭეშმარიტება ექადაგათ და ესწავლებინათ ადამიანებისთვის. თუ ამას ვერ შევძლებთ (ანუ თუ ვერ შევძლებთ, რომ სიცოცხლე გავწიროთ ამისთვის), ის მაინც შევძლოთ, რომ ვიცხოვროთ სიმართლისა და ჭეშმარიტებისთვის, რათა სხვებშიც აღვძრათ ეს სიყვარული სიმართლისა და ერთგულება ჭეშმარიტებისა.

 

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელის და ბრძოლის პირობებში, ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მით უფრო მეტად მივიღებთ მათგან მადლიან შეწევნას და დახმარებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება, სინანულის გზით ვიაროთ და ჩვენთვის, ჩვენი სულების საცხონებლად გადავიდეთ მიწიური ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში და დავიმკვიდროთ სასუფეველი ცათა. ამინ! ჩვენთან არს ღმერთი! გაიხარეთ", - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ