შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
GE EN RU
თბილისის №21 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება 26.09.2026 19:32

 

უწყებათაშორის ფორმატში საკითხის განხილვის, ექსპერტებთან კონსულტაციებისა და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის №21 საჯარო სკოლაში 28 სექტემბრიდან სასწავლო პროცესი განახლდება.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული დამატებითი განმარტებების საფუძველზე დაზუსტდა ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც სკოლის შენობაში ამ ეტაპზეა საჭირო.

 

ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება.

 

აღნიშნულ სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი კომპეტენციის სპეციალისტების მკაცრი ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის ქვეშ შეასრულებს. ამასთან, სამუშაოების მიმდინარეობასა და შესრულების ხარისხზე უწყვეტ ინდივიდუალურ ექსპერტულ კონტროლს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები განახორციელებენ. სამუშაოების მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება.

 

უსაფრთხოების დამატებითი ზომების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახური სკოლაში დამატებით პერსონალს გამოყოფს.

 

ამასთან, განათლების სამინისტრო აგრძელებს შესაბამისი ალტერნატიული ფართის მოძიებას, რათა შესაძლებელი გახდეს სკოლის შენობაზე შემდგომი, ფართომასშტაბიანი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.

 

როგორც მიმდინარე სამუშაოები, ისე შენობის მდგომარეობა და სასწავლო გარემოს უსაფრთხოება შესაბამისი უწყებების მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებები ოპერატიულად განხორციელდება.

 

 

ბოლო სიახლეები

 

 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ