29.09.2026 00:31
ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში უკრაინასთან ფრედ დასრულებული (0:0) მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ შეხვედრა შეაფასა.
„პირველი ტაიმი ხარისხობრივად კარგი იყო. ჩვენი დაცვა იშვიათი გამონაკლისების გარდა, იდეალურად თამაშობდა. მთელი მატჩი ისე ჩავატარეთ, რომ საკუთარ კართან რეალური მომენტი არ შევაქმნევინეთ.
იყო დაღლილობაც. პირველი მატჩის წაგების შემდეგ პოზიტივი გვჭირდებოდა. მეორე ტაიმში მოედნის ცენტრიდან ბევრი შეტევა წამოვიდა და ეს სიგნალი იყო. ამიტომ რისკს მოვერიდეთ. ჩვენთვის მთავარია პოზიტიური დინამიკა. ვფიქრობ, უკრაინასთნ ფრე ნორმალური შედეგია და ვეცდებით, ქულები მომდევნო თამაშებში მოვიპოვოთ.
გუნდი ბოლო 25 წუთი საკმაოდ დაიღალა და ამიტომ გაკეთდა ეს ცვლილებები. უფრო კონტრშეტების იმედზე ვიყავით. ზივზივაძეს შევიყვანდი იმ შემთხვევაში, ბურთი უფრო ხშირად რომ გვქონოდა. მაგრამ ბოლოს აქცენტის გაკეთება კონტრშეტევაზე მოგვიხდა.
უნდა შეიცვალოს სისტემა და უნდა შევუტიოთ არა სპონტანურად, არამედ სისტემურად. ამ კუთხით სამომავლოდ, გაუმჯობესებას ვგეგმავთ. დიახ, ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის გასვლის შემდეგ შეტევაში გაგვიჭირდა. მაგრამ არიან სხვა მოთამაშეები, რომლებსაც ამ რგოლის დაბალანსება შეუძლიათ.
პრესინგით დღეს ძალიან ბევრი ბურთი დავიბრუნეთ. მაგრამ ეს სწორად უნდა დავგეგმოთ. ვთვლი, რომ დღეს დაცვაში კარგად გამოვიყურებოდით. მაგრამ პრესინგის და მაღალი ბლოკის დასახვეწად დრო გვჭირდება.
როდესაც გუნდი მაყურებელს აძლევს სწორ ემოციას, სანაცვლოდაც ანალოგიურს იღებს. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ისე გვეთამაშა, სანაცვლოდ ის ქომაგობა მიგვეღო, რაც დღეს სტადიონზე ვნახეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, როგორც სტადიონზე, ასევე მათ, ვინც ტელევიზორის ეკრანთან გვქომაგობდა", - განაცხადა მან.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე შემდეგ შეხვედრასაც გასვლაზე გამართავს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილები 2 ოქტომბერს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე" უნგრეთს ესტუმრება.