სამშაბათი, 13 ოქტომბერი, 2026
GE EN RU
17-18 ოქტომბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში "პურის ფესტივალი" გაიმართება 13.10.2026 21:23

17-18 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული „პურის ფესტივალი" გაიმართება, რომელიც ქართული ხორბლის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, პურის ცხობის ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ეძღვნება.

 

თბილისის მერიის ცნობით, ფესტივალმა წელს საერთაშორისო კონკურსზე Acanthus Prize-ის უმაღლესი - ოქროს ჯილდო მოიპოვა კატეგორიაში „საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება". ჯილდოს საერთაშორისო გაერთიანება „ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი" (ERHG) გასცემს. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს ფესტივალის მნიშვნელობას ქართული ხორბლისა და ტრადიციული ცოდნის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პურის ცხობის მასტერკლასები, შემეცნებითი და საბავშვო აქტივობები, მოეწყობა მეწარმეთა სივრცე და ცოცხალი მუსიკალური პროგრამა. სტუმრები გაეცნობიან ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებს, ბოტანიკური ბაღის მარცვლოვან კულტურათა საკოლექციო ნაკვეთსა და პურის ცხობის უძველეს ტრადიციებს.

 

ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი, მცირე მეწარმეების მხარდაჭერას, ქართული აგროკულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და ტრადიციული ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება.

 

ასევე დაგაინტერესებთ