28.10.2026 19:47
სიღნაღის მუნიციპალიტეტში გეგმური ლაბორატორიული მონიტორინგის შედეგად ცალკეულ ლოკაციებზე წყალში ნიტრატების შემცველობამ დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს გადააჭარბა, - ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და შესაძლო რისკების პრევენციის მიზნით, კომპანიამ ოპერატიულად დააწესა წყლის სასმელად გამოყენების დროებითი შეზღუდვა.
მათივე თქმით, კომპანია უკვე ახორციელებს შესაბამის ტექნიკურ ღონისძიებებს და აგრძელებს წყალმომარაგების სისტემის შესწავლასა და წყლის ხარისხის განმეორებით ლაბორატორიულ კვლევებს.
,,შეზღუდვის მოქმედების პერიოდში მიწოდებული წყლის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებით. შეზღუდვა ვრცელდება: ქალაქ სიღნაღის აბონენტებზე, გარდა გოძიაშვილის ქუჩისა; ქალაქ წნორის აბონენტებზე; სოფელ ბოდბეს აბონენტებზე; სოფელ საქობოს 9 აპრილის ქუჩის აბონენტებზე. წყლის გამოყენების დროებითი შეზღუდვის შესახებ შესაბამის აბონენტებს ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებებით (SMS) მიეწოდათ. საკითხის მოგვარების მიზნით, კომპანიის ტექნიკური და საექსპერტო ჯგუფები ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის კომპლექსურ შესწავლას. სამუშაოები მოიცავს წყალმომარაგების წყაროების, სათავე ნაგებობების, რეზერვუარებისა და გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობის შეფასებას, ნიტრატების მომატებული შემცველობის შესაძლო მიზეზების გამოვლენასა და შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას. პარალელურად, გრძელდება წყლის ხარისხის განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ტექნიკური წყლის მიწოდების პერიოდში შესაბამისი აბონენტები სრულად გათავისუფლდნენ სასმელი წყლის მოხმარებისთვის დარიცხული საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
,,წყლის სასმელად გამოყენების შეზღუდვა დროებითია და მოიხსნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდება წყლის ხარისხის შესაბამისობა სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან. შეზღუდვის მოხსნის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება", - ნათქვამია განცხადებაში.