31.10.2026 16:03
შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში 219 გემის ინსპექტირება განახორციელეს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 40 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლის განმავლობაში ამოღებულია ზღვაში უკანონოდ ჩაგებული 40 ცალი სახლართი ტიპის ბადე.
„სამართალდარღვევებიდან 13 მცურავი საშუალებებიდან ზღვის დაბინძურების ფაქტია, რაც 100 000-ლარიან ჯარიმას და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს, 1 გემიდან - ზღვის საყოფაცხოვრებო-მყარი ნარჩენებით დაბინძურების ფაქტი, 6 - თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი, 1 - თევზჭერის წესებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის ფაქტი, 19 - სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების ფაქტი.
სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 35 ათას ლარს აჭარბებს, სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობა კი მილიონ ლარზე მეტია.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მცირდება გემების მხრიდან ზღვის ნავთობშემცველი წყლებით დაბინძურების ფაქტები, რაც, ერთი მხრივ, შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს ეფექტიანი მუშაობის, მეორე მხრივ კი, გაზრდილი საჯარიმო სანქციების შედეგია, რასაც შემაკავებელი ეფექტი აქვს", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.