07.11.2026 02:30
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში - დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5- ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.
„დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში - წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში - მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს. საფრთხის დონე - საშუალო", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.